გიორგი ჩხიკვაძის ისტორიული ოქრო | მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადა [ვიდეო]

ბუენოს აირესში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი ჩხიკვაძემ (60 კგ.) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალურ დაპირისპირებაში მან ყირგიზი სადიროვ ელმირბეკი დაამარცხა (9:0). ეს, ახალგაზრდული ოლიმპიადების ისტორიაში, პირველი ქართული ოქროს მედალი გახლავთ.

საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა დღეს მეორე მედალიც აიღო – ასევე ფინალში მოასპარეზე გიორგი თოხაძე (51 კგ.), დასკვნით შეხვედრაში სასაკი ვიტარუსთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

2010 წელს, სინგაპურში გამართულ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე, საქართველომ მხოლოდ ერთი, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (ირაკლი მოსიძე, ჭიდაობა).

2014 წელს, ჩინეთში, ქართული დელეგაციის ანგარიშზე სამი მედალი იყო. მედლები თამაზ კირაკოზაშვილმა (ვერცხლი, ძიუდო), მეკი სიმონიამ (ვერცხლი, ჭიდაობა) და ივიკო ჯულახიძემ (ბრინჯაო, ჭიდაობა) მოიპოვეს.

ბუენოს აირესში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა უკვე გააუმჯობესა 2014 წლის შედეგი.

ტურნირის წინა დღეებში ბრინჯაოს მედალი, 10 მეტრ დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში, ნინო ხუციბერიძემ მოიპოვა. ვერცხლის მედლები კი ილია სულამანიძეს (ძიუდო) და არჩილ მალაყმაძეს (ძალოსნობა) ერგოთ.