შეხვედრა ოლიმპიურ სოფელში | მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადა [ფოტო]
შეხვედრა ოლიმპიურ სოფელში | მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადა [ფოტო]

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი – ლერი ხაბელოვი, ოლიმპიურ სოფელში, ჩვენი ქვეყნის ოლიმპიური დელეგაციის წევრებს შეხვდა, რომლებმაც მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ერთი ქროს, ოთხი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით გამოსვლა ბუენოს-აირესში დაასრულეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი – ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი და ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი – ნინო სალუქვაძე, გენერალური მდივანი – ემზარ ზენაიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი – რუსუდან აფციაური.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ჩვენს სპორტსმენებს და მწვრთნელებს წარმატებული გამოსვლა მიულოცა და  მოსამზადებელ პერიოდში და უშუალოდ ოლიმპიადაზე გაწეული შრომისთვის, რაც ასეთი კარგი შედეგით დაგვირგვინდა მადლობა გადაუხადა. როგორც ხაბელოვმა აღნიშნა, ჩვენმა ოლიმპიურმა დელეგაციამ წარმატებით შეასრულა თავისი მისია ბუენოს აირესში და ღირსეულად უმნიშვნელოვანეს ახალგაზრდულ სპორტულ ფორუმზე ჩვენი ქვეყანა წარმოადგინა:


„-ყველა პარამეტრით, ქართული სპორტისთვის ეს არის წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩვენ გვყავდა უფრო მეტი ლიცენზიანტი სპორტსმენი და მეტ სახეობაში, ვიდრე წინა ოლიმპიადებზე. ჩვენ მოვიპოვეთ უფრო მეტი და მაღალი ხარისხის მედალი, ვიდრე წინა ორ ოლიმპიადაზე ერთად აღებული. ჩვენ გვყავს ახალგაზრდული თამაშების პირველი ოლიმპიური ჩემპიონი და პირველად ავაჟღერეთ საქართველოს ჰიმნი. ჩვენ ასევე პირველად მოვიპოვეთ ოლიმპიური ლიცენზია სათამაშო სახეობაში და გადავლახეთ ჯგუფური ეტაპი. ჩვენ საგრძნობლად დავწინაურდით საერთო გუნდურ ჩათვლაში და საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობაში ჩართულ 206 ქვეყანას შორის 37-ე ადგილი გვიკავია“- განაცხადა ლერი ხაბელოვმა. მან ასევე ჩვენს ოლიმპიელებს სამახსოვო საჩუქრები გადასცა.

ქართველ სპორტსმენთაგან არგენტინაში პირველი მედალი – ბრინჯაოსი – ტყვიის მსროლელმა – ნინო ხუციბერიძემ აიღო. იმავე დღეს ვერცხლის მედლები ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ და ძალოსანმა არჩილ მალაყმაძემ მოიპოვეს. ამას მოჰყვა ჩვენი მოჭიდავეების – გიორგი ჩხიკვაძის, გიორგი თოხაძის და გიორგი გეგელაშვილის ოქროსა და ვერცხლის ჯილდოები.

შეგახსენებთ წინა ორი თამაშების შედეგებს. 2010 წელს სინგაპურში გამართულ პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველოს ერთი ბრინჯაოს მედალი და გუნდური 84-ე ადგილი ერგო. 2014 წელს ჩინეთის ქალაქ ნანძინში ჩატარებულ მეორე ოლიმპიადაზე ორი ვერცხლისა და ერთ ბრიჯაოს მედლით – საერთო ჩათვლაში 58-ე ადგილზე გავედით.

 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

დატოვე კომენტარი