ლეგიონერებიც, ქართველებიც - სოხუმის „დინამოში“ ბევრი ახალწვეულია #1TVSPORT
ლეგიონერებიც, ქართველებიც - სოხუმის „დინამოში“ ბევრი ახალწვეულია #1TVSPORT

ქალთა საფეხბურთო კლუბი სოხუმის „დინამო“ ახალი სეზონისთვის საგრძნობლად გაძლიერდა. კლუბის ცნობით, 2022 წელს კლუბში სხვადასხვა ეროვნული ნაკრებების რამდენიმე მოთამაშე დაიმატეს.

სოხუმის „დინამოს“ ფეხბურთელი გახდა საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრი და ლიდერი ნინო პასიკაშვილი, რომელსაც წლების განმავლობაში რვა საფეხბურთო კლუბში უთამაშია – უკრაინაში, თურქეთში, ბელარუსში და საქართველოში. ბოლო სეზონში კი ქალთა ლიგის ვიცე-ჩემპიონის, „კვარტალის“ ღირსებას იცავდა. პასიკაშვილი საქართველოს ნაკრებში ჩატარებული თამაშების მიხედვით რეკორდსმენია – მან ეროვნულ გუნდში 92 მატჩი გამართა და 2 გოლი გაიტანა.

გუნდის წევრი გახდა 15 წლის ფლანგის ნახევარმცველი, საქართველოს ქალთა ასაკობრივი ნაკრების წევრი მაიკო ხუციშვილი, რომელიც ბოლოს თბილისის „ნიკეში“ თამაშობდა. საინტერესოა, რომ მან ქალთა ლიგაში პირველი შეხვედრა გამართა 2019 წელს, 12 წლის ასაკში და ეროვნული ლიგის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. ამას გარდა, პირველი მოთამაშეა, რომელმაც ამ ასაკში ეროვნულ ლიგაში გოლი გაიტანა. მცირე ასაკის მიუხედავად, არის საქართველოს ვიცე ჩემპიონი და ჩემპიონი, ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე და საქართველოს U17 ნაკრებში.

სოხუმის „დინამოს“ ფეხბურთელი გახდა გვანცა ქადაგიშვილიც, 19 წლის მარჯვენა მცველი, რომელიც გამოდიოდა საქართველოს ქალთა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების წევრია. „ნორჩ დინამოში“, „ნიკეში“, „კვარტალსა“ და თურქეთის „კონიასპორში“.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია კიდევ ერთი ახალწვეული ნათია სხირტლაძე, რომელიც სოხუმელებს „გორი იუნაიტედიდან“ შემოუერთდა. პოზიციით ცენტრალურ მცველს ნაკრების მაისურით 50-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.

სოხუმის „დინამომ“ ლეგიონერებიც დაიმატა და ორი მათგანი მეკარეა – ნიგერიის ეროვნული ნაკრების 37 წლის ყოფილი კიპერი ელისაბედ ბლექი, ნიგერიის და აზერბაიჯანის კლუბებში თამაშობდა, ნიგერიის ეროვნულ ნაკრებში 70 მატჩი აქვს ჩატარებული, უთამაშია კანადაში გამართულ 2004 წელს ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, აფრიკის თასსა და ოლიმპიურ თამაშებზე. არის აზერბაიჯანის და ნიგერიის ჩემპიონი და მოგებული აქვს აფრიკის ქალთა ჩემპიონთა ლიგა.

მეორე ლეგიონერი იამაიკის ქალთა ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი მეკარე კრის-ენ ჩემბერსია, რომელიც გუნდს „უვიდან“ შემოუერთდა, სადაც 2012 წლიდან ასპარეზობდა. კრის-ენს ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ნათამაშები აქვს მსოფლიოს ჩემპიონატის და ოლიმპიური თამაშების შესარჩევი მატჩები, იყო იამაიკის ქალთა 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი.

26 წლის განელი, ფეხბურთელი ფორტუნე კედე გამთამაშებელია. იყო განის 17 და 20 წლამდელთა ნაკრებების წევრი, თამაშონდა განის, ტოგოს, ამერიკის საფეხბურთო კლუბებში. ფორტუნე კედე გუნდს, ამერიკული კლუბიდან, „ვეილენდ ბაპტისტიდან“ შეურთდება, სადაც 26 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი შეასრულა.

კიდევ ერთი ლეგიონერია წევრი გახდა მარგარეტ ადემულეგუნიც – ცენტრალური მცველი, რომელიც გამოდიოდა ნიგერიის 17 და 19-წლამდე ნაკრებებში. არის ნიგერიის ეროვნული ნაკრების წევრი. ნათამაშები აქვს აფრიკის თასზე, 2019 წლის დასახელებულია ნიგერიის ქალთა ეროვნული ჩემპიონატის სიმბოლურ თერთმეტეულში. ყველა ლეგიონერი კლუბს, თებერვლის ბოლოს შეუერთდება. ფეხბურთელებმა პრე-კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს და სამუშაო ვიზის მოლოდინში არიან.

სოხუმის „დინამოს“ ქალთა გუნდი 2020 წელს დაარსდა, 2021 წელს ლიგა 2-ის გათამაშებას ლიდერობს, მაგრამ ტურნირი ჯერ არ დასრულებულა, 6 გადადებული თამაში აქვს ჩასატრებელი და მოგების შემთხვევაში, ეროვნულ ლიგაში დაწინაურდება.