ლეგენდები | რამაზ შენგელია - თავდამსხმელი, რომელიც France Football-ის გამოკითხვაში ევროპის საუკეთესო ათ ფეხბურთელს შორის მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT
ქართული ფეხბურთის ლეგენდარული თავდამსხმელი, რამაზ შენგელია 65 წლის გახდებოდა. იგი 1957 წლის 1 იანვარს დაიბადა ქუთაისში.
ფეხბურთის თამაში დაიწყო 1968 წელს ქუთაისის „ტორპედოს“ საფეხბურთო სკოლაში კარლო ხურციძის ხელმძღვანელობით. 1973–1976 წლებში საბჭოთა კავშირის პირველ ლიგაში „ტორპედოს“ შემადგენლობაში გამოდიოდა.
1977 წლიდან თბილისის „დინამოში“ გადავიდა, რომლის ძირითად შემადგენლობაში დებიუტი იმავე წლის 2 აპრილს სამარის „კრილია სოვეტოვთან“ ჰქონდა და პირველ შეხვედრაშივე გამოიჩინა თავი: როდესაც ტრიბუნებზე შეკრებილი 77 ათასი გულშემატკივრის თვალწინ პირველი ტაიმის 33-ე წუთზე თბილისის „დინამოს“ მაისურით პირველად აიღო მოწინააღმდეგის კარი. ეს იყო დასაწყისი, რომელსაც შესანიშნავი გაგრძელება მოჰყვა.
პირველივე წელს შენგელია საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა, მომდევნო წელს – ჩემპიონი. 1979 წელს ფეხბურთელმა საბჭოთა კავშირის თასიც მოიგო. გუნდთან ერთად, მოიპოვა 1980-1981 წლების ევროპის თასების მფლობელთა თასი. თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საბჭოთა უმაღლესი ლიგის 283 შეხვედრაში 120 ბურთი გაიტანა. ამას გარდა, ევროთასებზე 37 მატჩში მის ანგარიშზე 19 გოლია.
1979–1983 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 26 მატჩი ითამაშა და 10 ბურთი გაიტანა. საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად 1980 წელს მოიგო ევროპის ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატი. რამაზ შენგელიამ 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატების 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი ბურთი გაიტანა.
განსაკუთრებულ ადგილს შენგელიას კარეირაში იკავებს 1981 წლის სექტემბერში მადრიდში გამართული ოთხთა ტურნირი – მთავარი ჯილდო ევროპის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის გათამაშდა, სადაც თბილისის „დინამო“ მადრიდის „რეალთან“, მიუნხენის „ბაიერნთან“ და „ალკმაართან“ ერთან მიიწვიეს. „დინამომ“ „რეალთან“ მსაჯის საკამათო გადაწყვეტილებების გამო 2:4 წააგო, მიუნხენის „ბაიერნს“ კი 2:1 სძლია. ამ ორ შეხვედრაში ოთხივე გოლი მსოფლიო გრანდებს შენგელიამ გაუტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი დაიმსახურა.
ორჯერ (1978, 1981) აღიარეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად. 1981 წელს გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (32 მატჩში 23 გოლი). იმავე წელს, ჟურნალ France Football-ის ყოველწლიურ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში, ქართველი თავდამსხმელი წლის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მე-7 ადგილზე დასახელდა. იყო ბომბარდირთა „ასიანთა კლუბის“ წევრი, სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981), ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი. 2012 წლის 21 ივნისს რამაზ შენგელია 55 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.
2015 წლის აპრილში ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ გულშემატკივართა და საზოგადოების ინიციატივით და ქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით ქუთაისის ცენტრალურ სტადიონს რამაზ შენგელიას სახელი მიენიჭა.