მომავლის იმედად დარჩენილი ისტორია - 42 წლის წინ „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგიდან „ლივერპული“ გამოთიშა [ვიდეო] #1TVSPORT

3 ოქტომბერი ის დღეა, რომლითაც ქართული ფეხბურთის ისტორია განსაკუთრებით გალამაზდა – ჩემპიონთა თასის გათამაშების 1/16 ფინალის განმეორებით შეხვედრაში, თბილისის „დინამომ“ ინგლისის ჩემპიონს, „ლივერპულს“ საკუთარ კედლებში უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა.

მაშინ „ლივერპული“ უფრო წარმატებულიც კი იყო, ვიდრე ახლა. ჩემპიონთა თასს ზედიზედ ორჯერ დაეუფლა – 1977 წელს ფინალში მიონხენგლადბახის „ბორუსია“ (3:1) დაამარცხა, ხოლო 1978 წელს – „ბრიუგე“ (1:0). 1981 წელს თასს კიდევ ერთხელ დაეუფლა, როდესაც გადამწყვეტ მატჩში მადრიდის „რეალს“ 1:0 სძლია.

შესაბამისად, ინგლისელები თბილისს უდავო ფავორიტის რანგში ესტუმრნენ, მაგრამ ნოდარ ახალკაცის გუნდისგან მათ ნამდვილი ჯოჯოხეთი ელოდათ. თბილისის „დინამომ“ „ლივერპულს“ საკუთარ კედლებში პირველივე წუთებიდან შეუტია და კოკისპირულ წვიმაში 90 000 მაყურებლის მხარადჭერის ფონზე, მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

54-ე წუთზე, დავით ყიფიანის გადაცემით სტუმართა კარში პირველი გოლი ვლადიმერ გუცაევმა გაიტანა, 74-ე წუთზე, გიორგი ჭილაიას ბრწყინვალე „რეიდისა“ და გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა რამაზ შენგელიამ „დინამოს“ უპირატესობა ორამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში კი მე-80 წუთზე გუნდის კაპიტანმა, ალექსანდრე ჩივაძემ პენალტიდან დააფიქსირა.

სამწუხაროდ, ეს უკვე მხოლოდ ისტორიაა. დღეს ასეთი ძლიერი კლუბი მხოლოდ ოცნებაა, მაგრამ ეს გამარჯვება არის იმედი, რომ ამ დონეზე ოდესმე ჩვენი კლუბები ისევ ითამაშებენ.