ლეგენდარული ლატვიელი ჰოკეისტი თანამემამულეებს - რუსეთში თუ ითამაშებთ, მონები გახდებით #1TVSPORT
ლეგენდარული ლატვიელი ჰოკეისტი თანამემამულეებს - რუსეთში თუ ითამაშებთ, მონები გახდებით #1TVSPORT

ლატვიური ჰოკეის ლეგენდამ, სსრკ-სა და ლატვიის ნაკრებებისა და NHL-ის ყოფილმა მეკარემ არტურს ირბემ კომენტარი გაუკეთა ლატვიელი ჰოკეისტების სავარაუდო გადასვლას კონტინენტალური ჰოკეის ლიგასა და რუსეთში თამაშს.

„მე ჩემი ცხოვრებისეული გზა მქონდა – საკუთარი ფული ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL) გამოვიმუშავე. საკმარისად დავაგროვე, მაგრამ მე სულ სხვა სიტუაციაში ვიყავი. იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელსაც უცხოელებს კონტინენტალური ჰოკეის ლიგაში (KHL) უხდიან – თითოეული უნდა დაფიქრდეს, რისთვის იხდიან ისინი. ეს გადამეტებული ხელფასებია, უფრო მეტიც – არაადეკვატურად დიდი. შესაბამისად, ჩნდება ლოგიკური დასკვნა, რომ ისინი სხვა რამისთვის იხდიან და არა მხოლოდ ჰოკეის თამაშისთვის. ეს რუსეთისთვის არის რეკლამა. ეს არის მონაწილეობა რუსულ პროპაგანდაში.

ზოგიერთ ლატვიელ ჰოკეისტს ამ ზაფხულს მართლაც ელოდება რთული გამოცდა ცხოვრებაში, რადგან მათ არჩევანი უნდა გააკეთონ. ერთის მხრივ, შეიძლება მათ გავუგოთ, რადგან ასეთი ხელფასით ერთ-ორ სეზონში შეიძლება ცხოვრების ბოლომდე უზრუნველყონ საკუთარი თავი და ოჯახი. მაგრამ გაქვთ თუ არა გარანტია, რომ ეს კონტრაქტი შესრულდება? იქნებ დადგეს ისეთი მომენტი, როცა შეგეკითხებიან ვის მხარეზე ხართ – ლატვიის თუ რუსეთის?

როცა უკან ვიხედები და ჩემს კარიერას ვუყურებ, შემიძლია ვთქვა, რომ არასოდეს ვყოფილვარ მონა. ყოველთვის მქონდა საკუთარი უფლებები, ნებისმიერ მომენტში შემეძლო გამეწყვიტა კონტრაქტი NHL-სთან და ასეთ შემთხვევაში მე, უბრალოდ, ფულს აღარ გადამიხდიდნენ. რუსეთში ამის იმედი ვერ გექნება, ხოლო კონტრაქტის არშესრულებისთვის შეიძლება იყოს ფინანსური, ფიზიკური, მორალური და დრაკონული სანქციები.

თქვენ უნდა გააცნობიეროთ, პირდაპირ ახლა როგორია ადამიანის სიცოცხლის ფასი რუსეთში. ჩემი აზრით, თუ თქვენ ახლა გადაწყვეტთ რუსეთში თამაშს, მონა გახდებით“, – განაცხადა ლეგენდარულმა მეკარემ.