„კლივლენდ კავალიერზის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა „გოლდენ სტეიტთან“ ფინალურ სერიაში მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ ბოლო მატჩებში ხელის სერიოზული ტრავმით თამაშობდა.
„ემოციებს გასაქანი მივეცი და ბოლო სამი მატჩი, ფაქტობრივად მოტეხილი ხელით ვითამაშე“, – მოჰყავს ლებრონის სიტყვები ESPN-ს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჯეიმსმა ტრავმა ფინალის პირველი მატჩის შემდეგ მიიღო, როცა „კლივლენდის“ გასახდელში დაფას მიარტყა ხელი. სერიის მსვლელობისას, კალათბურთელმა ორჯერ გაიარა სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც, ხელზე ფიქსატორი დაადეს, რომელსაც ვარჯიშებისგან და თამაშებისგან თავისუფალ დროს ატარებდა.
“გოლდენ სტეიტმა” ფინალურ სერიაში 4:0 დაამარცხა „კლივლენდი“ და ზედიზედ მეორედ გახდა NBA-ის ჩემპიონი. მეოთხე მატჩში ლებრონმა 40 წუთი ითამაშა, 23 ქულა, 8 პასი და 7 მოხსნა დააგროვა.