Le Figaro - ფულის გამოძალვის ბრალდებით საფრანგეთში 23 ჩეჩენი დააკავეს
Le Figaro - ფულის გამოძალვის ბრალდებით საფრანგეთში 23 ჩეჩენი დააკავეს

ფრანგული Le Figaro-ს ცნობით, საფრანგეთში 23 ჩეჩენი ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულები 200 ევროს ართმევდნენ ყველა იმ სატვირთოს მძღოლს, რომლებიც პარიზში აღმოსავლეთ ევროპიდან ჩადიოდნენ. მსხვერპლთა შორის არიან მოლდოვის, უკრაინისა და პოლონეთის მოქალაქეები.

ფრანგული მედია დაკავებული ჩეჩნების მოქალაქეობას არ ასახელებს. ცნობილია, რომ მათ დასაკავებლად პოლიციამ რეიდები პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში ჩაატარა. ჩხრეკის დროს ამოიღეს დიდი ოდენობით ფული და ცეცხლსასროლი იარაღი.

გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები, გამოძალვის გზით, თვეში 210 000 ევროს იღებდნენ. იმ მძღოლებს, რომლებიც მათ „გადასახადს“ არ უხდიდნენ, დამნაშავეები სასტიკად სცემდნენ. ჩეჩენთა დაჯგუფების შტაბბინა პარიზთან ახლოს, ქალაქ ლივრი-გარგანში იყო განლაგებული.

ფრანგული გამოცემის ცნობით, დაკავებული ჩეჩნებიდან რამდენიმე რადიკალიზაციისკენ მიდრეკილ პირთა სიაში იყო შეყვანილი.