ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა ორმხრივი შეხვედრისას განაცხადეს, რომ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობა მთასავით მყარია და საერთაშორისო ასპარეზზე პოზიტიურად მოქმედებს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს ორმხრივი შეხვედრისას განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის საგარეო-პოლიტიკური პარტნიორობა საერთაშორისო ასპარეზზე სტაბილურად და პოზიტიურად მოქმედებს.
„რუსეთ-ჩინეთის პოლიტიკური პარტნიორობა სტაბილურად და პოზიტიურად მუშაობს. რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენ ვინარჩუნებთ კონსტრუქციულ მიდგომას უფრო სამართლიანი და მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში“, – განაცხადა პუტინმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა ჩინეთსა და რუსეთს შორის ორმხრივ სავაჭრო ბრუნვაზეც.
„ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს ის მიზანია, რომელიც საკუთარ თავს დავუსახეთ. როგორც ჩანს, წელს ამ მაჩვენებელს არა მხოლოდ კიდევ ერთხელ მივაღწევთ, არამედ სავაჭრო ბრუნვის ზრდის კარგი დინამიკაც გვექნება“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
თავის მხრივ, ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები „მთასავით მყარია“.
„ბატონი პრეზიდენტისა და ჩემი მტკიცე ხელმძღვანელობით, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები მთასავით მყარი და ქარისა და წვიმის მიმართ შეუდრეკელი დარჩა. ეს ურთიერთობები გრძელვადიან პერსპექტივაზეა ორიენტირებული და სულ უფრო რთულ და სწრაფად ცვალებად მსოფლიოში მეტ სტაბილურობასა და პროგნოზირებადობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა სი ძინპინმა.