„ლანჩხუთს“ საჩემპიონო თასი გადაეცა - ლიგაში ადგილი ქუთაისის ქალთა გუნდმაც შეინარჩუნა #1TVSPORT
ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ ქალთა ლიგის 2021 წლის ჩემპიონობა ოფიციალურად იზეიმა. დაჯილდოების ცერემონიამდე კი, ქალთა ლიგის ზედა ჯგუფის, ბოლო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „ლანჩხუთმა“ მესამეადგილოსან ხობის „კოლხეთს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. საქართველოს ორგზის ჩემპიონი ერთადერთი გუნდია, რომელსაც თამაში არ წაუგია. მომდევნო სეზონისთვის ლანჩხუთელები ჩემპიონთა ლიგის თამაშებისთვის მოემზადებიან.
დღის მეორე შეხვედრა თბილისში, სფფ-ის ნუცუბიძის ცენტრში გაიმართა. ქალთა ლიგის ორგზის გამარჯვებულმა „ნიკემ“, რომელიც წლეულს საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა, 2021 წლის ვიცე-ჩემპიონი „კვარტალი“ 4:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გია კვარაცხელიას გუნდი 15 წუთის შემდეგ 3:0-ს იგებდა.
მატჩები გაიმართა ქვედა ჯგუფშიც – აღსანიშნავია, რომ ქუთაისის კაცთა გუნდის გარდა, ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ამ ქალაქის ქალთა გუნდიც იბრძოდა და მიზანს მანაც მიაღწია. სფფ-ის ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში ქუთაისის „მართვემ“ „ნორჩი დინამო“ 2:0 დაამარცხა და ქალთა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. მატჩის ბედი, ქუთაისელებმა პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. მე-15 წუთზე ანგარიში მარიამ ხარგელიამ გახსნა, 21-ზე კი ლანა გორგაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„გორი იუნაიტედი“ „ბათუმს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა – 9:1. თუმცა, უშუალო კონკურენტ „მართვესთან“ ურთიერთშეხვედრებში უარესი მაჩვენებელი აღმოაჩნდა და ქალთა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად, პლეი აუტის თამაში მოუწევს, სადაც ქალთა ლიგა 2-ის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდება. „ბათუმი“ კი მომავალი სეზონიდან ქალთა ლიგა 2-ში იასპარეზებს.