კვიპროსული ემდიის ცნობით, თორნიკე ოქრიაშვილი ფორმაში შედის და თემურ ქეცბაიას იმედებს ამართლებს.
ასეთი შეფასებები ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ბოლო საკონტროლო შეხვედრის შემდეგ გაჩნდა, რომელიც თემურ ქეცბაიას გუნდმა ნიქოზიას „აპოელთან“ 1:1 დაასრულა. 30-ე წუთზე მისი წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა, რომელიც ოქრიაშვილმა გოლად აქცია.
„ოქრიაშვილი „აპოელთან“ შეხვედრისას მოედანზე მთავარი ფიგურა იყო, არა მხოლოდ იმიტომ, რომ პენალტი მოიპოვა და ანგარიში თავად გაათანაბრა, ზოგადად, ქართველი თავდამსხმელი ძალიან მოტივირებული და აქტიური იყო, მუდმივად უტევდა და დაცვას ეხმარებოდა, თავდამსხმელ კაჭარავას კი პასებით ამარაგებდა. ის როდესაც შეცვალეს, სტადიონზე მყოფმა მცირე რაოდენობის ადამიანებმა (მატჩი დახურული იყო) ტაშით გააცილეს. ეს მის ფორმაზე მეტყველებს. გუნდის მთავარი მწვრთნელი ქეცბაია მისგან ახალ სეზონში ბევრს ელის, იცის თავისი თანამემამულის პოტენციალი, იცის რას უნდა ელოდოს და იმედოვნებს, რომ ოქრიაშვილი ავანსებს გაამართლებს“, – წერს „ფილნიუსი“.