კოსოვოს პარლამენტმა ნატო-ს კრიტიკის მიუხედავად, არმიის შექმნას მხარი დაუჭირა. კანონპროექტი მსუბუქად შეიარაღებული უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების ეროვნულ არმიად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რომლის რიგებშიც 5000 პირი იქნება.
ცვლილების თანახმად, შემდეგი ნაბიჯი კოსოვოს თავდაცვის სამინისტროს შექმნაა. 5 000 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად, კოსოვოს არმიაში 3 000 რეზერვისტი იქნება.
აღნიშნულ კანონპროექტს კოსოვოს 120 მანდატიან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მხარი 105-მა დეპუტატმა დაუჭირა.
კოსოვოს გადაწყვეტილებას აქტიურად ეწინააღმდეგება სერბეთი. სერბი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ არმიის შექმნის პროცესს კოსოვო ტერიტორიიდან სერბების გასაძევებლად გამოიყენებს. რამდენიმე კვირის წინ სერბეთის პრემიერ-მინისტრმა კოსოვოში მიმდინარე მოვლენებზე ბელგრადის ერთადერთ შესაძლო ნაბიჯად სამხედრო ინტერვენცია დაასახელა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კოსოვოს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა კი, კანონპროექტი გააკრიტიკა. ნატო-ში მიიჩნევენ, რომ სრულფასოვანი არმიის ჩამოყალიბება კოსოვოსა და სერბეთს შორის ვითარებას გაამწვავებს.