კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში დღეს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს განიხილავენ
უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში დღეს განიხილავენ. ამის შესახებ კიევის საპატრიარქოს პრესმდივანი ევსტრატი ზორია Facebook-ის გვერდზე წერს. მისი თქმით, მსოფლიო პატრიარქის მიერ კიევში მივლენილი ეგზარქოსი სტამბოლში გუშინ გაემგზავრა.
„მსოფლიო პატრიარქის მიერ კიევში მივლენილი ეგზარქოსი გუშინ გაემგზავრა სტამბოლში, ის დღეს დილიდან ანგარიშს წარუდგენს მსოფლიო პატრიარქს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ტომოსის გამოცემაზე მსჯელობა“, – წერს ზორია.
მისივე თქმით, ინფორმაცია, თითქოს ტომოსი უკვე არის, სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავსი ცნობების გავრცელება „მავნებლობაა და ცრუ მოლოდინებს აჩენს“.
„ავტოკეფალიისთვის 100 წელია ვიბრძოდით, ამიტომ შეგვიძლია კიდევ ცოტა ხანს ვიყოთ თავშეკავებულები.“ – წერს კიევის საპატრიარქოს პრესმდივანი.
შეგახსენებთ, მანამდე ვრცელდებოდა ცნობა, რომ მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე 9-10 ოქტომბერს უნდა იმსჯელოს.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის წინააღმდეგ გამოდის რუსეთის საპატრიარქო, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს.