კონკურსის, „თარგმნილი პიესა 2019“ გამარჯვებულები გამოვლინდა
კონკურსის, „თარგმნილი პიესა 2019“ გამარჯვებულები გამოვლინდა

ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი მანანა ანთაძე უძღვებოდნენ.

პირველად კონკურსის არსებობის მანძილზე, პირველი პრემია წელს სამმა თარგმნილმა პიესამ დაიმსახურა, ხუთი  წევრისგან შემდგარმა ჟიურიმ კონკურსზე წარმოდგენილი 23 პიესიდან, სამივე მათგანი თანაბარი, უმაღლესი ქულით შეაფასა:

პირველი პრემია – ქეთი ქანთარია – იანუშ გლოაცკი, „ანტიგონე ნიუ-იორკში“;
პირველი პრემია – გიგი გულედანი – ენი ბრიკრტი, „კინო“;
პირველი პრემია – ნინო ახვლედიანი, ლუკას ჰნათი, „თოჯინის სახლი, მეორე ნაწილი“.

გამარჯვებულები – ქეთი ქანთარია, გიგი გულედანი და ნინო ახვლედიანი ფულადი პრემიებითა და და ფონდის პრიზით, „თუმანიშვილის ვაშლით“ დაჯილდოვდნენ.

თუმანიშვილის ფონდმა პროექტი „ახალი დრამატურგია“ 2006 წელს დაიწყო. პროექტი ორი კონკურსისგან შედგება – „ახალი ქართული პიესა“ და „თარგმნილი პიესა“. კონკურსები ყოველწლიურად მონაცვლეობით ტარდება.

კონკურსი „თარგმნილი პიესა 2019“ წელსაც, ტრადიციულად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. კონკურსის მიზანი ქართულ თეატრალურ სივრცეში თანამედროვე პიესების ახალი თარგმანების შემოტანა, ავტორების წახალისება და, ამავდროულად, თეატრების რეპერტუარის გამდიდრებაა.

პროექტის არსებობს განმავლობაში კონკურსში მონაწილეობა მიიღო 162 ავტორმა და 85 მთარგმნელმა. შედეგად, ქართულმა თეატრმა 500-ზე მეტი ახალი პიესა შეიძინა.