კომუნიკაციების ეროვნული კომისია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კომუნიკაციების ეროვნული კომისია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სიძულვილის ენის შემცველი, ანტისახელმწიფოებრივი და ძალადობის მაპროვოცირებელი განცხადებები სერიოზული საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის.

„მიგვაჩნია, რომ იმას, რაც 7 ივლისს „რუსთავი 2“-ის ეთერით ვიხილეთ, არაფერი აქვს საერთო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან. ასეთი ფორმით და შინაარსით აზრის გამოხატვა არაეთიკური და უხამსია. სიძულვილის ენის შემცველი, ანტისახელმწიფოებრივი და ძალადობის მაპროვოცირებელი განცხადებები სერიოზული საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის.

ამასთან, ჟურნალისტის მიერ შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული განცხადებების გაკეთება ცდება საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ პროფესიულ ჩარჩოებს, რაც ზიანს აყენებს მთლიანად ქართულ მედიას და ახდენს ჩვენი ჟურნალისტების დისკრედიტაციას. იმ ფონზე, როდესაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენი მართლაც ფასდაუდებელი მონაპოვარია, მიუღებელი და დაუშვებელია, სწორედ გამოხატვის თავისუფლების სახელით ხდებოდეს მსგავსი ტიპის უხამსი და სახელმწიფოს ინტერესების დამაზიანებელი განცხადებების გაკეთება.

კომუნიკაციების კომისია დარწმუნებულია, რომ მედია, ჟურნალისტები და მთლიანად საზოგადოება, ვისაც სწორედ ეთიკური, პროფესიული და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა მიაჩნია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტად, აქტიურად დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას და ადეკვატურ შეფასებას მისცემენ „რუსთავი 2“-ის ეთერში მომხდარ ფაქტს“,- აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

„რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ 7 ივლისს „პოსტსკრიპტუმის“ დაწყებისას გადაცემაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. მოგვიანებით, ამ საკითხზე ტელეკომპანიამ განცხადება გაავრცელა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული მიმართვა შეაფასა, „როგორც პროვოკაცია, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველი გზავნილი, მიმართული საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ“. საკითხს გამოეხმაურნენ ასევე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და სხვები.

გიორგი გაბუნიას მონოლოგი მოქალაქეთა ნაწილმაც გააპროტესტა და „რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა იყო, შეეწყვიტა მაუწყებლობა „რუსთავი 2“-ს და ბოდიში მოეხადათ. მოგვიანებით, მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ. ტელეკომპანიასთან აქცია გამთენიისას დასრულდა.

„რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა დღეს დილით, დაახლოებით 07:30 საათზე განაახლა და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.