ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონი ფოთის საფეხბურთო კლუბ ,,კოლხეთი 1913”-სთვის წარუმატებელი გამოდგა – გუნდი ეროვნული ლიგიდან გავარდა და 2019 წლის სეზონს რანგით მეორე ლიგაში გაატარებს.
ბუნებრივია, შედეგი, რომელიც უარყოფითად იქნა შეფასებული გუნდში რადიკალურ ცვლილებებს საჭიროებდა. სიახლეები საკუთარ გვერდზე გუნდის პრეს-სამსახურის ხელძღვანელმა გია ეჯიბიამ გაავრცელა.
„მომხდარის გამო ქალაქის ხელმძღვანელობამ და გასული სეზონის ბოლოს შექმნილმა საფეხბურთო კლუბ „კოლხეთი 1913“-ის განვითარების სამუშაო ჯგუფმა (თავმჯდომარე დავით კუპრეიშვილი) რეფორმებისათვის უკვე გადადგეს პირველი ნაბიჯები. გუნდში ქართულ ფეხბურთში ცნობადი სპეციალისტების მოწვევით დაიწყო. გუნდში იმუშავებენ სოსო ფილია და გიორგი კრასოვსკი. თუ რა თანამდებობებს დაიკავებენ, ეს საკითხი გადაწყვეტის პროცესშია და უახლოეს პერიოდში გაჟღერდება“ – წერს გია ეჯიბია.
ცნობილი გახდა, რომ გუნდს აზერბაიჯანელი სპეციალისტი გაწვრთნის: „ასევე გუნდში იქნებიან საფეხბურთო წრეებში საკმაოდ ცნობილი სახეები, ხოლო მთავარი მწვრთნელის პოსტზე აზერბაიჯანელი სპეციალისტი ადილ მახმუტოვი იქნა მოწვეული, რომელსაც თავისი ქვეყნის ისეთ წამყვან გუნდებში უმუშავია, როგორებიცაა „ნეფთჩი“, „ინტერი“ და სხვა. მუშაობდა ასევე ირანსა და ჩვენი ქვეყნის „გარდაბანში“. იტალიაში, მილანში, გავლილი აქვს სამწვრთნელო კურსები, ხოლო 2 წლის განმავლობაში სტაჟირებას გადიოდა“.
გუნდი დღეისათვის ჩამოყალიბების პროცესშია და გუნდის პრესატაშის თქმით, ცვლილებებზე ინფორმაციას უახლოეს დღეებში გაავრცელებვენ.
გია ეჯიბიამ ფოთის ცენტრალური სტადიონის სურათები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მშენებლობა კარგი ტემპით მიმდინარეობს – დასავლეთ ტრიბუნების მშენებლობა დასრულებულია, რომელიც დააახლოებით 2 000 მაყურებელს დაიტევს. ახლა გადასახური კონსტრუქციაც თითქმის ბოლომდეა დამონტაჟებული. სამუშაოთა პირველი ეტაპის დასრულებამდე ინდივიდუალური სკამების დამონტაჟებაღა დარჩა.