ფოთის საფეხბურთო ცენტრში ყველაზე ძველმა ქართულმა კლუბმა „კოლხეთმა“ ამხანაგურ შეხვედრაში ეროვნული ლიგა 2-ის ზუგდიდის „დინამოს“ უმასპინძლა და დაძაბული შეხვედრა ფრედ დაასრულა.
ორივე გუნდში სეზონის შემდეგ დიდი საკადრო ცვლილებები მოხდა და ჯერ კიდევ დაკომპლექტების სტადიაში იმყოფებიან. მატჩი, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის ახალ ცენტრში გაიმართა, უხვგოლიანი გამოდგა.
სულ მეტოქეებმა 6 გოლი გაიტანეს, მაგრამ პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მთავარი ამბები ბოლო 33 წუთში მოხდა. ფოთის „კოლხეთი 1913“-მა უკვე რამდენიმე ამხანაგური მატჩი გამართა და გუნდს საბრძოლო ჟინი არ აკლია. ეს მატჩი ამის მაგალითად გამოდგება.
ფოთის გუნდი სამჯერ აგებდა და ანგარიშის გათანაბრება სამივეჯერ შეძლო. ზუგდიდელებიდან გოლები გაიტანეს ხაბეიშვილმა, ბერიშვილმა და ოლხოვმა, ხოლო მასპინძლებიდან ქომეთიანმა დუბლი შეასრულა, ხოლო ერთიც ნაფიშვილის ანგარიშზეა.
კოლხეთი 1913 – დინამო ზუგდიდი 3:3
გოლები: 0:1 ხაბეიშვილი (57), 1:1 ქომეთიანი (72), 1:2 ბერიშვილი (76), 2:2 ქომეთიანი (81), 2:3 ოლხოვი (85), 3:3 ნაფიშვილი (87).
სეზონის დაწყებამდე ორივე გუნდი ამხანაგური მატჩების გამართვას გააგრძელებს. „კოლხეთის“ მომავალი მეტოქე ზუგდიდის მეორე გუნდი, „ოდიში“ იქნება, ხოლო ზუგდიდის „დინამო“ მესამელიგელ ჩოხატაურის „ბახმაროს“ გვიმბალაურის საფეხბურთო აკადემიის სტადიონზე შეხვდება.