19 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი კოკო გაუფი აშშ-ის ღია პირველობის ახალი ჩემპიონი გახდა. მან ფინალურ მატჩში სამ სეტში – 2:6, 6:3, 6:2 დაამარცხა ბელარუსი არინა საბალენკა, რომელიც ორშაბათიდან მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდება.
გაუფი მეათე ჩოგბურთელია აშშ-ის ღიას ისტორიაში, ვინც ეს ტურნირი 20 წლამდე ასაკში მოიგო. მანამდე ეს შეძლეს – ტრეისი ოსტინმა (ორჯერ), შტეფი გრაფმა, მონიკა სელეშმა (ორჯერ), მარტინა ჰინგისმა, სვეტლანა კუზნეცოვამ, მარია შარაპოვამ, ბიანკა ანდრეესკუმ და ემა რადუკანუმ.
გაუფისთვის ეს არის პირველი ტიტული „დიდი სლემის“ ტურნირებზე. მანამდე მან როლან გაროსის ფინალში ითამაშა და გადამწყვეტი მატჩი პოლონელ იგა შვიოტეკთან წააგო.
ამერიკელისთვის ფინალი წარუმატებლად დაიწყო – საბალენკამ პირველ სეტში სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და პარტიაში მხოლოდ ორი გეიმი დათმო. მეორე სეტის სტარტზე გაუფმა ორი ბრეიკპოინტი მოიგერია და ამის შემდეგ, მატჩის ბოლომდე მოიპოვა ინიციატივა. მეორე პარტიის 1:1-დან მოყოლებული, გაუფმა მომდევნო 11 გეიმიდან ცხრა მოიგო, 6:3 გაიმარჯვა მეორე სეტში და მესამეში 4:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც საბალენკამ მატჩის გადარჩენა ვერ შეძლო.
ბელარუსმა 46 უნებლიე შეცდომით დაასრულა შეხვედრა, გაუფს კი მხოლოდ 19 შეცდომა ჰქონდა, აქედან მხოლოდ ორი მესამე სეტში.
სეზონის მეორე ნახევარში აშშ-ის ღიას ახალი ჩემპიონი შესანიშნავ ფორმაში შევიდა – მას შემდეგ, რაც მან უიმბლდონის პირველ წრეში თანამემამულე სოფია კენინთან წააგო, იქედან მოყოლებული 19 მატჩში 18 მოიგო. ერთადერთი მარცხი მონრეალის უმაღლესი კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში ჰქონდა ამერიკელ ჯესიკა პეგულასთან.
საინტერესოა, რომ აშშ-ის ღიაზე ტიტულამდე გზა გაუფს საკმაოდ რთული ჰქონდა – ჩატარებული შვიდი მატჩიდან ამერიკელს ოთხში სამი სეტის თამაში მოუწია.
ორშაბათიდან კოკო გაუფი WTA-ის რეიტინგის მესამე ნომერი გახდება, რაც მისი კარიერის რეკორდია.