ხუან გუაიდოს მხარეს გადასულ სამხედროებსა და ნიკოლას მადუროს მხარდამჭერ ჯარისკაცებს შორის დაპირისპირება მოხდა
ვენესუელაში ვითარება დაიძაბა. სააგენტო „როიტერი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყნის დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს მხარეს გადასულ სამხედროებსა და ნიკოლას მადუროს მხარდამჭერ ჯარისკაცებს შორის დაპირისპირება მოხდა. ისმოდა სროლის ხმა. დაპირისპირებამდე რამდენიმე საათით ადრე, ხუან გუაიდომ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში გადასვლა დააანონსა. ვიდეო ერთ-ერთ სამხედრო ავიაბაზაზე არის გადაღებული.
ხუან გუაიდო აცხადებს, რომ შეიარაღებული ძალების ის ნაწილიც მის მხარეს გადავიდა, რომელიც აქამდე ნიკოლას მადუროს უჭერდა მხარს.
ვიდეოში ჩანს ვენესუელელი ოპოზიციონერი ლეოპოლდო ლოპესიც, რომელიც ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. რამდენიმე დღის წინ, ხუან გუაიდომ პირველ მაისს ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების დაწყება დააანონსა.
