ტერეზა მეიმ მთავრობის მოქმედ მეთაურს ენდი ბერნემს მოუწოდა, აღარ დაუბრუნდეს ბრექსიტის საკითხს

15:01, 22.11.2026

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ მთავრობის მოქმედი მეთაურს ენდი ბერნემს მოუწოდა, აღარ დაუბრუნდეს ბრექსიტის საკითხს. „ბიბისითან“ ინტერვიუში მეიმ განაცხადა, რომ შეშფოთებულია იმის შესაძლებლობით, რომ მთავრობა შესაძლოა გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებას განიხილავდეს.

„ბრექსიტი უკვე განხორციელდა. უბრალოდ აღიარეთ ეს და განაგრძეთ წინსვლა“, – განაცხადა მეიმ.

ტერეზა მეის თქმით, ევროკავშირთან ახალი მოლაპარაკებები მთავრობის მნიშვნელოვან დროსა და რესურსებს მოითხოვს. ყოფილმა პრემიერმა გაიხსენა ბრექსიტის შესახებ სამწლიანი მოლაპარაკებები და აღნიშნა, რომ ბრიტანეთის ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს 2016 წლის რეფერენდუმის შედეგებს.

„როდესაც პრემიერ-მინისტრი ვიყავი, მკაფიოდ ვაცხადებდი, რომ რეფერენდუმზე გამოხატული ხალხის ნება უნდა შეგვესრულებინა. ბრიტანელებმა ბრექსიტს მისცეს ხმა. ბრექსიტი დასრულებულია“, განაცხადა მეიმ.

მისი შეფასებით, ევროკავშირში დაბრუნების საკითხის ხელახლა წამოჭრა შესაძლოა აღქმული იყოს როგორც მცდელობა, ამომრჩეველს უთხრან, რომ 2016 წელს შეცდომა დაუშვა და გადაწყვეტილება უნდა შეცვალოს.

მეიმ ბერნჰემს ურჩია, ევროკავშირის წევრობაზე ახალი დისკუსიის ნაცვლად, ყურადღება ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაზე, უსაფრთხოებასა და მოქალაქეებისთვის შესაძლებლობების შექმნაზე გაამახვილოს.
ცნობისთვის გასულ კვირას ბრიუსელში გამართულ სამიტზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობების შესაძლო ფორმატებზე არაფორმალური კონსულტაციების გამართვა სურს. თუმცა მას არ უთქვამს, რომ ევროკავშირში ბრიტანეთის დაბრუნების საკითხის განხილვას აპირებს.

ბრიტანეთის ევროკავშირში შესაძლო დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერიც. მისი განცხადებით ბრექსიტი შეცდომა იყო, თუმცა გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაუბრუნდეს, თუ გაერთიანება რეფორმებს გაატარებს და ტექნოლოგიური ინოვაციებისთვის უფრო ხელსაყრელ გარემოს შექმნის.

ბრექსიტის გარშემო დისკუსია მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 20 ნოემბერს, ბრიუსელში გამართულ სამიტზე, ბრიტანეთმა და ევროკავშირმა შეთანხმებას მიაღწიეს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ბრიტანული სურსათის ექსპორტსა და ახალგაზრდებისთვის გაცვლით პროგრამაზე.

მსგავსი