ხიზანიშვილმა მოგებით დაიწყო - 17-წლამდელებმა მინსკის ტურნირზე ისლანდია გაანადგურეს (ვიდეო)
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო – ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა (რომელიც დამოუკიდებლად ნაკრებს პირველად ავარჯიშებს) „ბ“ ჯგუფის პირველ ტურში ისლანდია დიდი ანგარიშით დაამარცხა.
ანგარიში მე-3 წუთზე გაიხსნა: ფლანგიდან წამოწყებული შეტევა ლუკა ტორონჯაძემ დააგვირგვინა. 30-ე წუთზე გიორგი აბუაშვილმა საჯარიმოს სიახლოვიდან ზუსტად გაისროლა, ჩვენების უპირატესობა გაზარდა და ტაიმი საქართველომ 2:0 მოიგო.
მეორე ნახევარში პატარა „ჯვაროსნების” უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური გახდა. 50-ე წუთზე აბუაშვილმა მეკარესთან პირისპირ ირაკლი აზაროვი დატოვა, რომელმაც მეტოქის კარი მესამედ აიღო – 3:0. მატჩის მიწურულს ისლანდიელებმა მთელი ძალებით შეუტიეს და სხვაობის შემცირებაც შეეძლოთ, მაგრამ ჩვენი მეკარე ლუკა ხარატიშვილი საიმედოდ თამაშობდა.
საქართველო ნაკრები: ხარატიშვილი, ხვადაგიანი, კოკაია, ერაძე, ტალახაძე (კ), მორჩილაძე (74. კვარაცხელია), ზურაბიანი (78. ფოცხვერია), აბუაშვილი (64. გაგნიძე), აზაროვი, ტორონჯაძე (64. ბენდიაშვილი), ოსიყმაშვილი.
სათადარიგოები: კაპანაძე, გრიგალაშვილი, მამაცაშვილი, ლატარია, დევდარიანი.
1 “ბ” ჯგუფის მეორე შეხვედრაში მოლდოვამ ისრაელი 2:1 დაამარცხა. მეორე მატჩს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 22 იანვარს ისრაელთან ჩაატარებს, ხოლო 24 იანვარს – მოლდოვასთან.