ინგუშ ვუნდერკინდს საქართველის სახელით თამაში სურს - მას მალე კონტრაქტს „ბრიუგე“ გაუფორმებს #1TVSPORT
ინგუშ ვუნდერკინდს საქართველის სახელით თამაში სურს - მას მალე კონტრაქტს „ბრიუგე“ გაუფორმებს #1TVSPORT

ინგუშ ფეხბურთელს, ჰალიდ დოლტმურზიევს საქართველოს სახელით თამაში სურს, რაც მისი ოჯახის ერთობლივი გადაწყვეტილებაა, – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

ბელგიური „ბრიუგეს“ 15 წლის ცენტრალურმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 16-წლამდელთა გუნდში 22 მატჩი ჩაატარა და გასაოცარი შედეგიანობა აჩვენა – 23 გოლი პლუს 5 საგოლე გადაცემა.

„დოლტმურზიევი ბელგიის ასაკობრივ ნაკრებში მიიწვიეს, თუმცა მამის დიდი სურვილი იყო, რომ ჰალიდს საქართველოს ნაკრებში ეთამაშა და გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე მიიღეს. ბელგიური კლუბის ფორვარდი უახლოეს პერიოდში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზეც გამოცხადდება“, – წერია Geo Team-ის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ფეხბურთელის მშობლები ინგუშები არიან, მაგრამ როგორც მისი მამის, უმალატის ბიოგრაფიიდან ირკვევა, ინგუშეთიდან 2000 წელს წავიდა და 22 წლის ასაკში ბელგიაში დასახლდა. საქართველოსადმი ინგუშების დამოკიდებულებიდან გამომდნარე, გასაკვირი არ არის, რომ შვილის რუსეთის ნაკრებში თამაში არ სურს. ჰალიდ დოლტმურზიევი ბელგიაშია დაბადებული. თავიდან „სერკლ ბრიუგეს“ აკადემიაში ჩაირიცხა, „ბრიუგეში“ კი შარშან გაზაფხულზე გადავიდა და მალე გუნდის ლიდერი გახდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიჭიერ მოთამაშეს, რომელიც 16 წლის 22 მაისს შესრულდება, მალე კონტრაქტს მთავარი „ბრიუგე“ გაუფორმებს.

საინტერესოა, რომ ფეხბურთელის მენეჯერები სანდრო ჭელიძე და პეტრე სარდანაძე არიან. ჭელიძემ ფეხბურთელის კარიერის შემდეგ კოვერჩანოში სპორტული მენეჯერის კურსი 2018 წელს დაამთავრა, სადაც მსოფლიოს ორ ჩემპიონთან, ლეონარდოსთან (1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში, „მილანის“ ყოფილი მწვრთნელი და ტექნიკური დირექტორი) და კრისტიან ძაკარდოსთან (2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული იტალიის ნაკრების შემადგენლობაში) ერთად სწავლობდა. ჭელიძესა და მის მეგობრებს ბევრ ცნობილ მენეჯერთან კარგი ურთიერთობა აკავშირებთ და ცდილობენ, რომ ამ კავშირებით ქართული ფეხბურთისთვის სასარგებლო საქმე აკეთონ.