ხატია მოისწრაფიშვილი - შეწყალების კომისიაზე პრეზიდენტი ხვალ პარლამენტის წინაშე ისაუბრებს
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესული არ არის. შესაბამისად, მისი შეწყალების საკითხზე არ მიმდინარეობს განხილვა.
„რაც შეეხება თავად კომისიის კონცეფციას და ყველა იმ აუცილებელ პირობას, რომელსაც დაეფუძნება ახალი კომისია, რომლის შემდეგაც მოხდება ახალი შემადგენლობის არჩევა, მაქსიმალურად ისე იქნება დაკომპლექტებული, რომ შეწყალების პროცესზე ნებისმიერ შეკითხვას პასუხი გაეცეს. ამ თემაზე ვრცლად საქართველოს პრეზიდენტი ხვალ ისაუბრებს საქართველოს პარლამენტის წინაშე“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
მისი თქმით, შეწყალების აქტი პრეზიდენტის საკონსტიტუციო უფლებაა, შეწყალების დისკრეციული უფლება ნიშნავს პრეზიდენტის მიერ კონკრეტული საქმის ინდივიდუალურ განხილვას, სადაც უპირატესობა ჰუმანურ პრინციპებს მიენიჭა.
„ამასთან, დაუშვებელია შეწყალება ემსგავსებოდეს ამნისტიას, რისი გამოცდილებაც სამწუხაროდ უახლოესი წარსულიდან ჩვენ გვაქვს. ასევე, გამორიცხულია ნებისმიერი კონკრეტული ფაქტის განხილვისას რაიმე ტიპის ზეწოლა ან განხილვამდე საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვა უბრალოდ არ წარიმართება ან შეწყდება. ეს არის ამოსავალი პრინციპი.
რაც შეეხება კონცეფციას, რომელიც მუშავდება, კომისიის ახალი შემადგენლობის გადაწყვეტილებები არ უნდა ტოვებდეს დამატებით კითხვებს მიღებულ საკითხთან დაკავშირებით და ამავე დროს, ექნება სარეკომენდაციო სახე, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი ხვალ პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგება.