ხატია მოისწრაფიშვილი - პრეზიდენტისა და სტუდენტების შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იყო აბსოლუტური ტყუილი
ხატია მოისწრაფიშვილი - პრეზიდენტისა და სტუდენტების შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იყო აბსოლუტური ტყუილი

გერმანიაში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და სტუდენტების შეხვედრაზე ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო აბსოლუტური ტყუილი, – ამის შესახებ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

„შეხვედრაზე არ თქმულა არც ერთი სიტყვა, რომელიც გავრცელდა. ხაზს ვუსვამ, პრეზიდენტი არ ყოფილა გაღიზიანებული. პასუხი გაეცა ყველა კითხვას, მათ შორის დავით გარეჯთან დაკავშირებით. შეხვედრა გაგრძელდა წინასწარ შეთანხმებულ დროზე მეტხანს. გავრცელებულ ვიდეოკადრებში, არსად ყოფილა ის სიტყვა, რაზეც შემდგომში ზოგიერთი რესპონდენტები საუბრობენ“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

გერმანიის ქალაქ მიუნხენში საქართველოს პრეზიდენტი  სტუდენტებს გუშინ შეხვდა. შეხვედრის ორმა მონაწილემ ცალ თვალზე ხელის აფარებით 20 ივნისის მოვლენები გააპროტესტა და აქციის დარბევისას დაშავებულებს სოლიდარობა გამოუცხადა. როგორც გუშინ ერთ-ერთმა სტუდენტმა, გიორგი ხიმშიაშვილმა განაცხადა, მისმა მწვავე კითხვებმა, რომელიც საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს უკავშირდებოდა, სალომე ზურაბიშვილი გააღიზიანა. შეხვედრის მონაწილეების ნაწილმა განაცხადა, რომ კრიტიკული კითხვების გამო, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მათ მეტი წიგნიერებისკენ მოუწოდა. შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე, გერმანიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ირინა ჩიხლაძემ კი აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტმა სტუდენტებს გაუნათლებლები უწოდა, სიმართლეს არ შეესაბამება.