ხატია მოისწრაფიშვილი - რა ფორმით და სად იარსებებს შეწყალების კომისია, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს
ხატია მოისწრაფიშვილი - რა ფორმით და სად იარსებებს შეწყალების კომისია, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს

რა ფორმით და სად იარსებებს შეწყალების კომისია, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა. მისი თქმით, შეწყალების უფლება საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციაა და შესაბამისად, გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის შეწყალებაზე იღებს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი.

„შესაბამისად, რა ფორმით და სად იარსებებს და იფუნქციონირებს შეწყალების კომისია, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ახალი კონცეფციის თანახმად, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მომზადდა, შეწყალების კომისია იმუშავებს იუსტიციის სამინისტროს ქვეშ, თუმცა იქნება სრულიად დამოუკიდებელი რეკომენდაციების მომზადების პროცესში. საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

რაც შეეხება შეწყალების კომისიის დაკომპლექტებას, ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, ახალი კონცეფციის მიხედვით კომისია დაკომპლექტდება მხოლოდ პროფესიონალი შემადგენლობით.

„კომისიის შემადგენლობაში იქნებიან პედაგოგები, ფსიქოლოგები, იურისტები, რათა მსჯავრდებულმა განახორციელოს რესოციალიზაცია, ნამდვილად დაბრუნდეს საზოგადოებაში, როგორც საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი. ამავე დროს, უპირობოდ უნდა იყოს დაცული საზოგადოების უსაფრთხოება. არ შეიძლება, მსჯავრდებულის გათავისუფლებით და ჰუმანურობის ამ აქტის განხორციელებით საზოგადოებას მივაყენოთ დარტყმა ან შევუქმნათ საფრთხე. თქვენ იცით, ასეთი ბევრი მაგალითი. ასევე, არ შეიძლება, შეწყალების აქტი დაემსგავსოს ამნისტიას ან „უდოს“.

ეს არის სხვადახხვა სამართლებრივი ფორმები, ყველას აქვს თავისი დანიშნულება. ყველა აუცილებელია დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობისთვის, მაგრამ მათ შორის უნდა იყოს ფუნქციები გამიჯნული. შესაბამისად, ახალი კონცეფციის თანახმად, ერთი მხრივ, უზრუნველყოფილი უნდა იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება, მეორე მხრივ, უნდა განხორციელდეს შეწყალების აქტი. ეს არის ჰუმანურობის აქტი სახელმწიფოში და მას უპირობოდ ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე ხატია მოისწრაფიშვილმა სააღდგომო შეწყალებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საქათველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ უკვე შეიწყალა სამი მსჯავრდებული ქალი.

„აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციაა, მას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი და სად იქნება შეწყალების კომისია, იქნება თუ არა საერთოდ, ეს არ უქმნის პრობლემას ამ აქტის განხორციელებას. აქედან გამომდინარე, გამორიცხული არაფერია. ამიტომ, დაველოდოთ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, აღდგომამდე არც ისე ბევრი დროა დარჩენილი“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.