ხაბიბ ნურმაგომედოვმა ჯასტინ გეიჯი დაამარცხა და კარიერა დაასრულა - ლეგენდარული დაღესტნელი მებრძოლი აქტიური სპორტიდან მიდის (ვიდეო)

აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის წლის გამორჩეული ქარდი (UFC 254) გაიმართა. მსუბუქი წონითი დივიზიონის ტიტულისთვის ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი და დროებითი ჩემპიონი ჯასტინ გეიჯი იბრძოდნენ.

დაპირისპირება დაუმარცხებელი ჩემპიონის სრული უპირატესობით წარიმართა. პირველი რაუნდის ძირითადი დრო დგომში წარიმართა. ამ კომპონენტშიც ხაბიბი მეტოქეზე უკეთესი იყო. რაუნდის ბოლოს ნურმაგომედოვმა გდებაც შეასრულა და პირველი ხუთწუთიანი მონაკვეთი დამაჯერებლად მოიგო.

ბრძოლაში გადამწვეტი მომენტი მეორე რაუნდში დადგა. ხაბიბმა ამერიკელს ეფექტური მომგუდავი ილეთი გაუკეთა და კარიერაში წარმოუდგენელი შედეგი 29-0-ზე დააფიქსირა. ბრძოლის დასრულების შემდეგ ხაბიბი ძალიან ემოციური იყო. როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ მისი მამა, აბდულმანაპი კორონავირუსისგან გარდაიცვალა. ამან ხაბიბზე ძალიან იმოქმედა. ლეგენდარულმა ათლეტმა კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

ამავე დღეს რობერტ ვიტეკერმა ჯარედ კანონიერი მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით დამაჯერებლად დაამარცხა.

ალექს ვოლკოვმა ვოლტ ჰარისს ტექნიკური ნოკაუტით სძლია.

სამწუხაროდ, დამარცხდა ლიანა ჯოჯუა. მისი მეტოქე ამერიკელი მირანდა მავერიკი იყო. ექიმებმა ლიანას ბრძოლის გაგრძლების საშუალება მძიმე დაზიანების გამო არ მისცეს და გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით მავერიკს ჩაეთვალა.