მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ნორვეგიელმა დიდოსტატმა მაგნუს კარლსენმა, გააუმჯობესა რეკორდი ზედიზედ წაუგებელი პარტიების რაოდენობით.
29 წლის სკანდინავიელმა ეს რეკორდი ვეიკ-ან-ზეეს (ნიდერლანდები) ტურნირზე დაამყარა. 15 იანვარს, კარლსენმა ყაიმი ითამაშა მასპინძელ იორდენ ვან ფორესტთან, რითაც 111 პარტიამდე აიყვანა თავისი წაუგებელი სერია.
წინა რეკორდი ეკუთვნოდა ყოფილ საბჭოთა და რუს დიდოსტატს, ამჟამად ნიდერლანდების სახელით მოასპარეზე სერგეი ტივიაკოვს. 2005 წელს, მან თავისი წაუგებელი სერია 110 პარტიამდე მიიყვანა.
მაგნუს კარლსენი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია კლასიკურ ჭადრაკში, რაპიდსა და ბლიცში.