კარიერის შემდეგ მაინც მოედანს დაუბრუნდა - ანანიძემ მასტერ ლიგაში ითამაშა #1TVSPORT
თბილისის მასტერ ლიგაში მე-5 ტურის მატჩები გაიმართა – საინტერესო ის იყო, რომ ლიგაში ჯანო ანანიძის დებიუტი შედგა.
კარიერის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი, ფეხბურთის ფედერაციის გუნდში ითამაშებს, სადაც მისი თანაგუნდელები არიან ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, ალეკო ამისულაშვილი…
ჯანო ანანიძემ პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება აპრილის ბოლოს მიიღო – საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა. მომხდარზე კომენტარში ანანიძემ განაცხადა, რომ გაუთავებელი და განუწყვეტელი ტრავმები ძალიან დამღლელი იყო.
ჯანომ კარიერა მოსკოვის „სპარტაკში“ 2007 წელს დაიწყო. ის გუნდის ძირითად შემადგენლობაში 2009 წლიდან დააწინაურეს და კლუბში 10 წელი გაატარა, რომლის ფორმითაც რუსეთის ჩემპიონი და ქვეყნის სუპერთასის მფლობელი გახდა. ასევე იჯარით წავიდა „როსტოვში“ (სადაც მოიგო თასი) და „კრილია სოვეტოვში“.
კლუბიდან წასვლის შემდეგ ჯანომ კვიპროსულ „ანორთოსისთან“ გააფორმა კონტრაქტი, თუმცა მალევე დატოვა გუნდი და გადავიდა „როტორში“, სადაც ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია და ხელშეკრულება გაწყვიტა. ბოლოს თამაშობდა „დინამო თბილისსა“ და ბათუმის „დინამოში“. ჯანო ანანიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი იყო 2009-2019 წლებში, რომლის მაისურითაც 45 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.
ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეულ ტალანტს უიღბლო კარიერა ჰქონდა. ჯანომ 13-წლის განმავლობაში 208 მატჩი ჩაატარა და ტრავმების გამო გამოტოვა 119 მატჩი ანუ 1262 დღე (უხეში შეფასებით 3,5 წელი). ანუ ყოველი მესამე თამაში გამოტოვა. 2021 და 2022 წლებში მიღებული ტრავმებისგან კი ვეღარ განიკურნა და ქართულმა ფეხბურთმა ნიჭიერი მოთამაშე დაკარგა.