„კარდიფი“ ემილიანო სალას სანაცვლოდ ექვსი მილიონის გადახდას არ აპირებს და „ფიფას“ (FIFA) წინააღმდეგ აპელაციას შეიტანს
„კარდიფის“ წარმომადგენლები უკმაყოფილონი დარჩნენ „ფიფას“ (FIFA) გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც უელსურ კლუბს ფორვარდ ემილიანო სალას ტრანსფერის სანაცვლოდ, „ნანტისთვის“ ექვსი მილიონი ევროს გადახდა დააკისრეს. ფეხბურთელი ამა წლის იანვარში ავიაკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ „ბიბისი“ (BBC) იტყობინება.
„კარდიფის“ ხელმძღვანელობამ ხაზი გაუსვა, რომ კლუბი სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში აპირებს აპელაციის შეტანას.
„მეტად იმეგაცრუებულნი ვართ ამგვარი გადაწყვეტილებით, რომელიც ფიფამ საერთო კონტექსტიდან ამოღებული რამდენიმე დეტალის საფუძველზე მიიღო და არ გაითვალისწინა დოკუმენტების მთელი პაკეტი. არსებობს უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ კონტრაქტი ბათილად უნდა ჩაითვალოს, რადგან არ არის დაცული მისი ყველა პირობა“, – განაცხადა ინგლისური კლუბის წარმომადგენელმა.
აღვნიშნავთ, რომ ეს ექვსი მილიონი ევრო შეესაბამება პირველად შენატანს, რომელიც „კარდიფს“ უნდა გადაერიცხა „ნანტის“ ანგარიშზე სალას ტრანსფერის სანაცვლოდ. სრული თანხა 15 მილიონს შეადგენდა.
შეგახსენებთ, რომ ემილიანო სალა „კარდიფში“ „ნანტიდან“ 2019 წლის იანვარში გადავიდა კლუბისთვის რეკორდულ საფასურად, მაგრამ უელსის დედაქალაქში გაფრენისას, თვითმფრინავი ლა მანშის სრუტეში ჩავარდა. სალა ოფიციალურად შვიდ თებერვალს გამოაცხადეს გარდაცვლილად.