კაპიტოლიუმზე შტურმის ერთ-ერთ მონაწილეს სასამართლომ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაპიტოლიუმზე შტურმის ერთ-ერთ მონაწილეს. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
49 წლის გაი უესლი რეფიტს ხუთი მუხლით ედებოდა ბრალი. მათ შორის მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, ასევე შენობაში უკანონოდ შესვლა და ყოფნა ცეცხლსასროლი იარაღით. ფედერალური პროკურორები ბრალდებულისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდნენ.
„ჩვენ გვჯერა, რომ რასაც ის აკეთებდა, იყო შიდა ტერორიზმი. ჩვენ გვჯერა, რომ ის არის შიდა ტერორისტი“, – განაცხადა პროკურორის თანაშემწე ჯეფრი ნესტლერმა.
რეფიტი ერთ-ერთია 850 პირს შორის, რომლებსაც 2021 წლის 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმთან კავშირში ბრალი აქვთ წაყენებული. 2021 წელს კაპიტოლიუმის შენობაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა.