ჯაბა კანკავამ ფრანგულ „ვალანსიენთან“ კონტრაქტი გააფორმა – ინფორმაციას ლიგა 2-ის გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ფრანგული კლუბის ცნობით, 34 წლის კანკავამ „ვალანსიენთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმა და გუნდის ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მუდმივი ნომერიც აიღო – ის ახალ კლუბში 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
„ვეტერანმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ „ვალანსიენთან“ ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომელიც 2021 წლის ივნისამდეა. ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრების კაპიტანია (93 მატჩი). მან ითამაშა „რეიმსში“, ასევე უთამაშია დნიპროპეტროვსკის „დნიპროში“, რომლის ფორმითაც 2015 წელს ევროპის ლიგის ფინალში ითამაშა. 34 წლის ჯაბა ბოლოს ყაზახეთის „ტობოლში“ გამოდიოდა. ის ჩვენს გუნდში 6-ნომრიან მაისურს მოირგებს“, – წერს ფრანგული კლუბის ოფიციალური გევრდი.
„ვალანსიენი“ ლიგა 2-ში ჩატარებული 19 ტურის შემდეგ 27 ქულით მე-10 ადგილზეა, მაგრამ ლიდერთა სამეულს ბევრით არ ჩამორჩება – „გრენობლს“ 35 ქულა აქვს, ტურნირის დასრულებამდე კი 19 ტურია დარჩენილი.