ჯაბა კანკავა ეროვნულ გუნდს შეუერთდა - საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT
ჯაბა კანკავა ეროვნულ გუნდს შეუერთდა - საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს შეიკრიბა და ლუქსემბურგთან ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალისთვის მზადება დაიწყო. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოახლოებული მატჩებისთვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა.

ნაკრები საგურამოში, სასტუმრო „სევსამორაში“ დაბინავდა და „ლოკომოტივის“ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობს. გუნდი ჯერ არასრული შემადგენლობით ემზადება. საქართველოს ნაკრებში ორწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა 37 წლის ნახევარმცველი ჯაბა კანკავა.

ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი, გურამ კაშიასთან ერთად, ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა („ჯვაროსნების“ ყოფილი დამრიგებელი) სლოვაკეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში არ ათამაშა და სანაკრებო თამაშებისთვის უკეთ მომზადების საშუალება მისცა.

საქართველო – ლუქსემბურგის ნახევარფინალური მატჩი 21 მარტს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ. წარმატების შემთხვევაში, „ჯვაროსნები“ 26 მარტს პლეი ოფის ფინალში საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილის გამარჯვებულს თბილისში შეხვდებიან და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას შეეცდებიან.