კანადის საპარლამენტო არჩევნებში ჯასტინ ტრუდოს პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა მანდატების უმრავლესობა ვერ მოიპოვა
კანადის საპარლამენტო არჩევნებში ჯასტინ ტრუდოს პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა მანდატების უმრავლესობა ვერ მოიპოვა

კანადის საპარლამენტო არჩევნებში ჯასტინ ტრუდოს პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა მანდატების უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

კანადის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, „ლიბერალურმა პარტიამ“ გაიმარჯვა, თუმცა იძულებული იქნება, უმცირესობის მთავრობა ჩამოაყალიბოს.

„ლიბერალურმა პარტიამ“ 338 საარჩევნო ოლქიდან 158-ში მოახერხა გამარჯვება, თუმცა უმრავლესობის მთავრობის ფორმირებისთვის მათ სულ მცირე 170 მანდატი სჭირდებოდათ. მეორე ადგილზე „კონსერვატიული პარტია“ გავიდა, რომელმაც გამარჯვება 119 ოლქში მოიპოვა, მესამეზე კი, კვებეკის ბლოკი გავიდა 34 მანდატით.

კანადაში საპარლამენტო არჩევნები 2023 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ აგვისტოს შუა რიცხვებში ტრუდომ პარლამენტის დათხოვნის შესახებ განაცხადა და ვადამდელი არჩევნები 20 სექტემბერს დანიშნა. მედიის ცნობით, მას იმედი ჰქონდა, რომ გამოიყენებდა ხელისუფლების წარმატებებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიაში და შექმნიდა უმრავლესობის მთავრობას. 2019 წელს „ლიბერალურმა პარტიამ“ ვერ მიაღწია ამას, რის გამოც იძულებული გახდა, კანონების მისაღებად ოპოზიციის მხარდაჭერას დაყრდნობოდა.