კანადის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის რიგით მე-20 ფინალისტი გახდა. კონკაკაფ-ის ზონის შესარჩევი ტურნირის ბოლოსწინა ტურში კანადელებმა შინ 4:0 მოუგეს იამაიკის ნაკრებს და გაინაღდეს ყატარში თამაში.
შეხვედრაში გოლები კაილ ლარინმა, ტაჟონ ბუშანანმა და დევიდ ჰოილეტმა გაიტანეს. კიდევ ერთი გოლი საკუთარ კარში იამაიკელმა ადრიან მარიაპამ შეაგდო.
კანადამ 13 მატჩში 28 ქულა დააგროვა და მიუღწეველი გახდა მეოთხე ადგილზე მყოფი კოსტა რიკისთვის. 25-25 ქულით მეორე და მესამე ადგილებზე არიან აშშ და მექსიკა, რომლებიც სამი ქულით უსწრებენ კოსტა რიკას. კონკაკაფ-ის ზონიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი საუკეთესო გუნდი გადის. მეოთხე ადგილზე გასული ნაკრები კი საკონტინენტთაშორისო პლეი ოფს ითამაშებს ოკეანეთის ზონის გამარჯვებულთან.
კანადა 1986 წლის შემდეგ პირველად, სულ კი მეორედ ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.