კალათბურთი - „გრან კანარიას“ ოფიციალური გვერდი ბექა ბურჯანაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს
ესპანურ საკალათბურთო კლუბ „გრან კანარიას“ ოფიციალური ვებ-გვერდი გუნდის ქართველ ლეგიონერ ბექა ბურჯანაძესთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, რომლის საინტერესო ფრაგმენტებს ქვემოთ გთავაზობთ.
ბექა ბურჯანაძე: „ურთიერთგაგება გუნდში ძალიან კარგ დონეზეა“
ქართველმა მოთამაშემ გუნდში მიმდინარე სიტუაციაზე ისაუბრა და პოზიტიურად შეაფასა ის ფაქტი, რომ როგორც იქნა, ნაკრების ხუთივე მოთამაშე დაბრუნდა.
ბექა ბურჯანაძე: „ჯერ კიდევ მზადების ეტაპზე ვართ. გუშინ შემოგვიერთდნენ მოთამაშეები, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. ვულოცავ მათაც და მთელ ესპანეთსაც. ასევე შემოგვიერთდნენ იოანის ბურუსისი და სტენ ოკიე. გუნდი ნელ-ნელა სრული შემადგენლობით იკრიბება. რაც შეეხება თამაშებს, რომლებიც აქამდე ჩავატარეთ, ბევრი კარგი და ცუდი მომენტი გვქონდა, წაგებებიც და გამარჯვებებიც. ვფიქრობ, სწორ გზას ვადგავართ, რათა პროცესზე ვიფიქროთ და დავინახოთ, სად ვაუმჯობესებთ თამაშს. ვფიქრობ, სეზონს მზადყოფნაში შევხვდებით.
ვფიქრობ, ყველანი ვეჩვევით ფოტისის სისტემას. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს თამაშისას და ვფიქრობ, რომ ჩემი თანაგუნდელებიც ასე არიან. ფილოსოფია და მენტალობა ძალიან დაცვითი და კონტრშეტევითია. თავისუფლად ვთამაშობთ. ვფიქრობ, გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც თამაშის სწორად წაკითხვა და შესაბამისი მოქმედება შეუძლიათ.
სროლა გავაუმჯობესე, მაგრამ არ მინდა, რომ მხოლოდ მსროლელი ვიყო. ვფიქრობ, სხვა მხრივაც შემიძლია სარგებლის მოტანა მოედანზე. არ შევცვლი ჩემს სტილს, რადგან ძალიან მომწონს, როგორი მოთამაშეც ვარ. ვთვლი, რომ ბევრ სათამაშო ფაზაში შემიძლია დახმარება.
იმ მოთამაშეების დონე, რომლებიც გვაკლდნენ, ნახევარ გუნდს უდრიდა. ახლა მნიშვნელოვან ნახტომს გავაკეთებთ. ბევრი დრო არ დარჩა, მაგრამ რაც არის, მაინც საკმარისია იმისთვის, რომ ნამდვილ გუნდად ვიქცეთ მოედანზე და ერთმანეთს კარგად გავუგოთ. ურთიერთგაგება გუნდში ძალიან კარგ დონეზეა და სწორედ ეს არის საჭირო ჩემპიონატში წარმატებისთვის“.