ბექა ბურჯანაძის ორმაგი დუბლი ესპანეთის ჩემპიონატში #1TVSPORT
ბექა ბურჯანაძის ორმაგი დუბლი ესპანეთის ჩემპიონატში #1TVSPORT

სტაბილური და შედეგიანი თამაშით ბექა ბურჯანაძემ ესპანური “კორუნა ბასკეტის“ სასტარტო ხუთეულში ადგილი დაიმსახურა.

ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში, რომელსაც LEB Gold-ი ეწოდება, ქართველი ფორვარდი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. გასულ ტურში გალიციური კლუბი სტუმრად „კანტაბრიას“ ეთამაშა და დაძაბულ ბრძოლაში – 83:81 სძლია. აღნიშნულ შეხვედრაში სასტარტო ხუთეულში ითამაშა ბექა ბურჯანაძემ, რომელიც მოედანზე მყოფთაგან ერთადერთი იყო, ვინც ორმაგი დუბლი შეასრულა.

ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 26 წუთი გაატარა და ის, ძირითადად, ფარქვეშ ბრძოლებში იყო დაკავებული. მასზე მეტოქეები ხუთჯერ დაჯარიმდნენ და ყველა წესის დარღვევა სასროლი გამოდგა. შესაბამისად, ბექამ 10 საჯარიმო სროლა შეასრულა, რომელთაგან 8 ჩააგდო. თამაშიდან კი ქართველი ფორვარდი შედარებით მოკრძალებული გახლდათ – ხუთი ცდიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა – შედეგად, ბექამ 10 ქულა მოაგროვა, რასაც 12 მოხსნა და 2 პასი მოაყოლა.

საერთო სარგებლიანობის ინდექსით ბურჯანაძე თავის გუნდში მეორე იყო. საუკეთესო გორან ჰუკიჩი გახლდათ, რომელმაც 14 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. ბალკანელის სარგებლიანობის ინდექსმა 26 შეადგინა, ბურჯანაძისამ კი – 19.

14 მოგებითა და 4 მარცხით „კორუნა ბასკეტი“ მეორე ადგილზეა.

gbf.ge