კახი კახიაშვილი - ბუქარესტში ყველა აღნიშნავდა ჩვენი გუნდის სიძლიერეს, წინასწარ გვილოცავდნენ
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის, კახი კახიაშვილის განცხადებით, ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სიძლიერეს ყველა აღნიშნავდა და ქართველი ძალოსნები წინასწარ იღებდნენ მილოცვებს.
„ყველა აღნიშნავდა ჩვენი გუნდის სიძლიერეს. გვილოცავდნენ წინასწარ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებას არ ვაქცევდით, რადგან ერთი სპორტსმენიც რომ დარჩენილიყო, მაინც უნდა გვებრძოლა და ბოლომდე გაგვეკეთებინა გასაკეთებელი. ყველამ მაგრად იასპარეზა. ბოლოს დააგვირგვინა ლაშა ტალახაძემ და იმ წარმატებამ, რასაც მივაღწიეთ. ჩვენ შარშანაც გავიმარჯვეთ და მედლები მოვიპოვეთ“, – განაცხადა პირველ არხთან კახი კახიაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები ბუქარესტში ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ქართველმა ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე 10 ოქროს, სამი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.