10 ოქრო, სამი ვერცხლი, ორი ბრინჯაო - საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია
10 ოქრო, სამი ვერცხლი, ორი ბრინჯაო - საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია

ბუქარესტში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაიხურა. საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველმა ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე 10 ოქროს, სამი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

დღეს ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ იზეიმა ლაშა ტალახაძემ.

ატაცში ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. მძიმეწონოსანმა ქართველმა ძალოსანმა 200 და 210 კილოგრამი დაძლია და ატაცში გამარჯვების ავტორი გახდა. ლაშა ტალახაძემ მის მიერვე დამყარებული მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესება მსოფლიო ჩემპიონატისთვის გადადო.

აკვრაში ტალახაძემ 235 და 247 კგ დაიმორჩილა, ჩემპიონობა ვადაზე ადრე გაინაღდა და მესამე მისვლაზე უარი განაცხადა. ორჭიდი 457 კგ.

ატაცში ასევე შესანიშნავად იასპარეზა ირაკლი თურმანიძემაც. ძალოსანმა სამივე ცდა გამოიყენა (185, 190, 192) და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა ანასტასია გოტფრიდმა. ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა რეზი დავითაძემ. ორი ოქროთი და ერთი ვერცხლით მსგავსი შედეგი აჩვენა შოთა მიშველიძემ. თათია ლორთქიფანიძემ და გოდერძი ბერელიძე ბრინჯაოს თითო მედალი მოიპოვეს.

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები თბილისში 3 აპრილს დაბრუნდება.