კახა კალაძე - ამომრჩევლისთვის არჩევანის გაკეთებაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია, თუ ასეთი ფაქტები დაფიქსირდება, მოჰყვება კანონის ფარგლებში რეაგირება
კახა კალაძე - ამომრჩევლისთვის არჩევანის გაკეთებაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია, თუ ასეთი ფაქტები დაფიქსირდება, მოჰყვება კანონის ფარგლებში რეაგირება

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ამომრჩევლისთვის არჩევანის გაკეთებაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია და საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დროს მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, კანონის ფარგლებში რეაგირება მოჰყვება.

„ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს და ხაზი უნდა გაესვას, რომ მათ რიგებშიც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც აზროვნების შესაძლებლობა და სწორი ხედვა აქვთ, ამიტომ ბევრმა დაგმო ეს ფაქტი და კატეგორიულად მიუღებელია. წარმოიდგინეთ, რომ დავდგეთ, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ვიქნებით და ამომრჩეველს, რომელსაც აქვს კონსტიტუციური უფლება, მივიდეს, ვიღაცებმა მიაყენონ შეურაცხყოფა და ხელი შეუშალონ არჩევანის გაკეთებაში. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. თუ ასეთი ფაქტები დაფიქსირდება, შესაბამისი სამსახურების მხრიდან მოჰყვება კანონის ფარგლებში რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ გუშინ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა და მხარდამჭერებს მოუწოდა, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორი მოაწყონ. მსგავსი შინაარსის განცხადება ვარშალომიძემ დღესაც გააკეთა.

ამასთან, დღესვე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ არჩევნები ყველგან გაყალბებულია და შესაბამისად, ყველგან მოეწყობა სირცხვილის კორიდორი.