კაჭარავა „ანორთოსისს“ დაემშვიდობა - პირველივე დღიდან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც სახლში
ნიკა კაჭარავამ პოზნანის „ლეხში“ ჩარიცხვის შემდეგ, თავის ყოფილ კლუბს, ფამაგუსტას „ანორთოსისს“ იქ გატარებული დროისთვის მადლობა გადაუხადა – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა პოსტი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.
„ეს იყო ორი დაუვიწყარი წელი. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ყველა თანაგუნდელს, „ანორთოსისის“ შესანიშნავ გულშემატკივარს და ყველა იმ ადამიანს, ვინც გუნდში მუშაობდა. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ პირველივე დღიდან თავი ისე მეგრძნო, როგორც სახლში“, – წერს ნიკა კაჭარავა.
საქართველოს ნაკრების 26 წლის თავდამსხმელი 2019-2020 წლებში კვიპროსულ ფამაგუსტას „ანორთოსისში“ თამაშობდა, 12 სექტემბერს კი პოლონეთის ვიცეჩემპიონ პოზნანის „ლეხის“ ფეხბურთელი გახდა. თუმცა, ნიკას ტრანსფერი ისევ „ანორთოსისს“ ეკუთვნის – კვიპროსულმა კლუბმა ქართველი თავდამსხმელი პოლონეთში ერთწლიანი იჯარით გაუშვა.