ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ „გაგრა“ 3:1 დაამარცხა და ლიდერებში დაწინაურდა. ამაში დიდი წვლილი ნიკა კაჭარავამ და გიორგი არაბიძემ შეიტანეს – ბოლო ორი მატჩია, „ტორპედო“ ამ დუეტის აქტიურობის შედეგად იგებს.
გიორგი არაბიძე: „გოლი პირველივე წუთებზე გავუშვით, მაგრამ მალევე მოვიპოვეთ უპირატესობა და, შეცდომების მიუხედავად, სამი ქულა ავიღეთ. მნიშვნელოვანია, რომ ასევე გავაგრძელოთ. შარშან „ტორპედო“ ახალი შეკრებილი იყო და პოტენციალი ბოლომდე ვერ გამოავლინა. ახლა გუნდი ყოველდღიურად უმატებს და უკეთესად ვთამაშობთ. სასურველი შედეგის მისაღწევად ყველა მაქსიმუმს აკეთებს“.
ნიკა კაჭარავა: „ვიცოდით, რომ „გაგრა“ იოლი მეტოქე არ იქნებოდა. ცუდი სტარტის მიუხედავად, თამაშის სადავეები ხელში ავიღეთ და ეს შედეგზეც აისახა. „ტორპედოს“ თავისი შესაძლებლობები ჯერ სრულად არ გამოუვლენია – მხოლოდ მეოთხე შეხვედრა ჩავატარეთ, წინ მივდივართ და იმედია, ასე გავაგრძელებთ“.
ოთხი ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ 8 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა. გუნდმა 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა, რომელთაგან სამი – კაჭარავას, ხოლო ორი არაბიძის ანგარიშზეა.