ჯორჯიის შტატში „დემოკრატი“ კანონმდებელი გუბერნატორის ოფისის კარზე ბრახუნის გამო დააკავეს
ჯორჯიის შტატში „დემოკრატი“ კანონმდებელი გუბერნატორის ოფისის კარზე ბრახუნის გამო დააკავეს

ჯორჯიის შტატში „დემოკრატი“ კანონმდებელი გუბერნატორის ოფისის კარზე ბრახუნის გამო დააკავეს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ინციდენტი ჯორჯიის შტატის საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მოხდა. „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელი პარკ კენონი „რესპუბლიკელი“ გუბერნატორის, ბრაიან კემპის მიერ ჯორჯიის შტატის საარჩევნო წესებში საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერას აპროტესტებდა.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც „დემოკრატ“ კანონმდებელს ხელბორკილებს ადებენ და პოლიციელებს მიჰყავთ.

ჯორჯიის შტატის პოლიციაში განაცხადეს, რომ პარკ კენონი არ დაემორჩილა სამართალდამცავების მოთხოვნას და გუბერნატორის კარზე ბრახუნს განაგრძობდა.

პოლიტიკოსს ბრალად ჯორჯიის შტატის საკანონმდებლო ორგანოს სხდომის ჩაშლის მცდელობაში დასდეს ბრალი.

თეთრ სახლში პარკ კენონის დაპატიმრება დაგმეს. აშშ-ის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ჯენ პსაკიმ განაცხადა, რომ „დემოკრატი“ კანონმდებლის დაკავება შემაშფოთებელია, რადგან „ვიდეოში ჩანს, რომ ის უბრალოდ აკაკუნებს კარზე, რათა გაიგოს, შეუძლია თუ არა კანონის ხელმოწერას დაესწროს“.

მოგვიანებით, „დემოკრატი“ კანონმდებელი თანაპარტიელმა სენატორმა, რაფაელ უორნოკმა საპატიმროში მოინახულა.

ჯორჯიის შტატში საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც გამოეხმაურა და მას ანტიამერიკული უწოდა. ბაიდენის თქმით, ახალი კანონი, რომელიც „რესპუბლიკელებმა“ ჯორჯიის შტატში მიიღეს, ზღუდავს ამომრჩევლებს და აშშ-ის კონსტიტუციაზე ღია თავდასხმას წარმოადგენს.

ბაიდენმა ახალი კანონი 1960-იანი წლებში მოქმედ „ჯიმ ქროუს კანონს“ შეადარა, რომელიც შავკანიანთა უფლებებს ზღუდავდა.

ჯორჯიაში მიღებული კანონი ამომრჩევლების რეგისტრაციის წესებს ამკაცრებს. კერძოდ, ამომრჩევლებს რეგისტრაციისთვის ფოტოსურათიან პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს მოსთხოვენ. ამასთან, ახალი კანონი შტატის კანონმდებლებს ადგილობრივ საარჩევნო ადმინისტრაციაზე მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს. იზღუდება ხმის წინასწარ მიცემისა და ფოსტით ხმის მიცემისთვის განსაზღვრული დრო. ასევე, იზღუდება არჩევნების დღეს ხმის მისაცემად რიგში მდგომი ამომრჩევლისთვის წყლის და საკვების დარიგება.

როგორც „ბიბისი“ წერს, ჯორჯია პირველი შტატია, სადაც „რესპუბლიკელებმა“ საარჩევნო კანონმდებლობა გაამკაცრეს. ანალოგიურ ცვლილებებს კიდევ 43 შტატში განიხილავენ.

შეგახსენებთ, მართალია, „დემოკრატები“ ამჟამად კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობას აკონტროლებენ, თუმცა ადგილობრივ დონეზე შტატების უმრავლესობაში „რესპუბლიკელები“ დომინირებენ. „რესპუბლიკელები“ 30 შტატში ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოებს აკონტროლებენ, ხოლო 23 შტატში გუბერნატორის თანამდებობას „რესპუბლიკელი“ იკავებს.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯორჯიის შტატში, 1992 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა „დემოკრატმა“ კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა. დონალდ ტრამპმა არაერთხელ მოსთხოვა ჯორჯიის შტატის ადგილობრივ ხელისუფლებას, გამოიძიონ საარჩევნო პროცესში დარღვევების შესახებ გავრცელებული ბრალდებები.