ჯორჯ კენტი - ჩვენთვის ყოველთვის შეშფოთების საგანია, როდესაც ჟურნალისტი უჩინარდება ან მას იჭერენ
ჯორჯ კენტი - ჩვენთვის ყოველთვის შეშფოთების საგანია, როდესაც ჟურნალისტი უჩინარდება ან მას იჭერენ

აფგან მუხთარლის საკითხი აზერბაიჯანელ და ქართველ მაღალჩინოსნებთან განვიხილეთ,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ​ჯორჯ კენტმა პირველი არხის შეკითხვის პასუხად განაცხადა.

კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, აფგან მუხთარლის საქმის შესახებ კითხვა ორი დღის წინ ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზეც დაისვა.

„აშშ იცავს ჟურნალისტების უფლებებს, რათა მათ განახორციელონ თავიანთი საქმიანობა. ჩვენთვის ყოველთვის შეშფოთების საგანია, როდესაც ჟურნალისტი უჩინარდება ან მას იჭერენ. იმედია, მთავრობის წარმომადგენლები იაზრებენ, რომ მომხდარი მნიშვნელოვნად სცდებოდა იმ მოლოდინებს, რომლებიც ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას შეეფერება. ეს გაერთიანება ღირებულებებზეა დამოკიდებული და ამ ღირებულებებში გათვალისწინებულია მედიის თავისუფლების პატივისცემა”,-აღნიშნა ჯორჯ კენტმა.

ამასთან, ჯორჯ კენტს ჟურნალისტებმა „ომეგა-ჯგუფთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზეც დაუსვეს შეკითხვა.

„მოგეხსენებათ, მე ქართველი არ გახლავართ და არ ვაპირებ,  იმ საკითხის დეტალებზე გავაკეთო კომენტარი, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს. თუმცა, მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ტიპის ბრალდებები არსებობს, გამოძიება წარიმართოს სწრაფად, ღრმად და საფუძვლიანად, შესაბამის დროში“, – აღნიშნა ჯორჯ კენტმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ  დღეს მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა.  ამერიკის საელჩოში  შეხვედრაზე ჯორჯ კენტი საქართველოში გამართულ შეხვედრებს შეაჯამებს და ქვეყნის მნიშვნელოვან საკითხებზე დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.