ინტერნეტში დოკუმენტურ ფილმ „უკანასკნელი ცეკვის“ ბოლო ორი ეპიზოდის ხილვა უკვე შესაძლებელია. ფილმი მაიკლ ჯორდანისა და „ჩიკაგო ბულსის“ წარმატების ისტორიას მოგვითხრობს. კინოსურათში ნაჩვენებია ბევრი ისეთი დეტალი, რომელიც აქამდე გულშემატკივარისთვის უცნობი იყო.
მაიკლ ჯორდანმა სპორტულ კარიერაში მხოლოდ კალათბურთის თამაშით საკმაოდ სოლიდური თანხა გამოიმუშავა. მოგვიანებით მაიკლი გახდა პირველი სპორტსმენი, რომლის შემოსავალმა $1 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. „ფორბსის“ მონაცემებით ჯორდანის ქონება ამჟამად $2.1 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მაიკლის დიდი ხნის პარტნიორი და აგენტი დევიდ ფოლკი ერთ ძალიან საინტერესო ისტორიას იხსენებს.
„დაახლოებით სამი წლის წინ მე მას ძალიან სახეირო საქმე შევთავაზე. ერთადერთი, რაც მას უნდა გაეკეთებინა, ერთ ადგილას მისულიყო და შეთანხმება სიტყცვიერად დაედასტურებინა. მაიკლს იქ მხოლოდ ერთი ან ორი საათის გატარება მოუწევდა და ამაში პარტნიორი მას $100 მილიონ დოლარს სთავაზობდა. ჯორდანმა უარი თქვა ამ შეთანხმებაზე“.