ჯონ რეტკლიფი - ჰილარი კლინტონის გეგმა იყო დონალდ ტრამპისთვის სახელის გაფუჭება მაკომპრომეტირებელი მასალით, შესაძლოა, ზოგიერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს
ჯონ რეტკლიფი - ჰილარი კლინტონის გეგმა იყო დონალდ ტრამპისთვის სახელის გაფუჭება მაკომპრომეტირებელი მასალით, შესაძლოა, ზოგიერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა ისაუბრა იმ ინფორმაციაზე, რომელიც, მისი თქმით, ადასტურებს ჰილარი კლინტონისა და მისი საარჩევნო კამპანიის მიერ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ რუსეთთან თანამშრომლობის ისტორიის შექმნას.

რეტკლიფის თქმით, 2016 წლის ზაფხულში ამერიკულმა დაზვერვამ მოისმინა რუსეთის დაზვერვის საუბარი ჰილარი კლინტონის გეგმის შესახებ.

მისი თქმით, ჰილარი კლინტონის გეგმა იყო „დონალდ ტრამპისთვის ბრალის დადება რუსეთთან ცრუ თანამშრომლობაში, მისი სახელის გაფუჭება მაკომპრომეტირებელი მასალით“.

ჯონ რეტკლიფის განმარტებით, ეს ინფორმაცია იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ჯონ ბრენანმა (CIA-ს იმდროინდელმა დირექტორმა) პირადად აცნობა ამის შესახებ პრეზიდენტ ბარაკ ობამას, ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენს და მთელ უსაფრთხოების გუნდს.

რეტკლიფმა აღნიშნა, რომ ამ ისტორიის შესახებ სიმართლე ოთხი წლის განმავლობაში იყო დამალული. მისი თქმით, მხოლოდ 2020 წლის ოქტომბერში, 2020 წლის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე იპოვა ჯონ ბრენანის ხელნაწერი ჩანაწერები და ნამდვილი მასალები.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის განმარტებით, 2020 წელს სასამართლო პროცესზე ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის მენეჯერმა სასამართლოში თქვა, რომ ნამდვილად იყო გეგმა ტრამპის შესახებ რუსეთთან თანამშრომლობის ისტორიის გასავრცელებლად და რომ ამ გეგმას ჰილარი კლინტონმა პირადად დაუჭირა მხარი.

ჯონ რეტკლიფის თქმით, შესაძლოა, ახლა ზოგიერთი პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რადგან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჯონ ბრენანმა, ჯეიმს კომიმ და ჰილარი კლინტონმა ცნობები მიაწოდეს კონგრესსა და სხვა ორგანოებს. რეტკლიფის განცხადებით, ეს არ ემთხვევა დაზვერვის იმ მასალებს, რომლებიც მალე გახდება საჯარო.