ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში როჯერ ფედერერის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი შეაფასა. შეგახსენებთ, რომ სერბმა ჩოგბურთელმა შვეიცარიელი მეტოქე სამ სეტში დაამარცხა (7:6, 6:4, 6:3).
„შესაძლოა, მატჩი სხვაგვარად წარმართულიყო, – თქვა ჯოკოვიჩმა „ევროსპორტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. – როჯერს ბრეიკ-პონტები ჰქონდა, მან კარგად დაიწყო, მე კი დასაწყისში ვნერვიულობდი.
პატივს ვცემ როჯერს, რომ ამ მატჩამდე მოვიდა. ცხადია, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ როჯერმა უმაღლეს დონეზე ითამაშა. პირველ გეიმებში არ მქონდა შესაბამისი განწყობა, როჯერი კი კარგად მოძრაობდა. თუმცა, მე პირველივე სეტში მოვახერხე საკუთარი თამაშის პოვნა და მატჩში გარდატეხის შეტანა“.