ჯო ბაიდენი - თუ ტრამპსა და მის გუნდს ესმით, როგორი აუცილებელია ტესტირება, მაშინ რატომ ამტკიცებენ, რომ ამერიკელი ხალხისთვის ეს აუცილებელი არ არის
ჯო ბაიდენი - თუ ტრამპსა და მის გუნდს ესმით, როგორი აუცილებელია ტესტირება, მაშინ რატომ ამტკიცებენ, რომ ამერიკელი ხალხისთვის ეს აუცილებელი არ არის

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „ვაშინგტონ პოსტისთვის“ დაწერილ სტატიაში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მოსახლეობის კიდევ უფრო დაყოფის ნაცვლად, ამერიკის პრეზიდენტმა ხალხი ისეთივე დაცულობით უნდა უზრუნველყოს, როგორიც თავად აქვს.

როგორც გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ აღნიშნავს, გასულ კვირაში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტესტირება „კოვიდ-19“-ის ფონზე უსაფრთხოებისთვის აუცილებელი არ არის, თუმცა პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია „კოვიდ-19“-ზე ტესტირებას ყოველდღე იტარებენ.

„თუ ტრამპსა და მის გუნდს ესმით, როგორი აუცილებელია ტესტირება, რაც ასეა მათ ქცევაზე დაყრდნობით, მაშინ რატომ ამტკიცებენ, რომ ეს ამერიკელი ხალხისთვის აუცილებელი არ არის“, – წერს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სტატიაში.

ბაიდენი ასევე ამტკიცებს, ტრამპი ტესტირების მასშტაბების კიდევ უფრო გაფართოებას იმიტომ არ ემხრობა, რომ ამის ფონზე აშშ-ში ინფიცირებულების რაოდენობაც მეტად მაღალი გამოჩნდება.