ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაციის პერიოდში ვაშინგტონმა გააძლიერა პოზიცია გლობალურ არენაზე, მაშინ როდესაც მისი მოწინააღმდეგეები დასუსტდნენ
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაციის პერიოდში ვაშინგტონმა გააძლიერა თავისი პოზიცია გლობალურ არენაზე, მაშინ როდესაც მისი მოწინააღმდეგეები, პირიქით, დასუსტდნენ. ამის შესახებ მან სახელმწიფო დეპარტამენტში მისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მიღწევების შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბაიდენის თქმით, აშშ იმყოფება „გარდამტეხ მომენტში“.
„ცივი ომის შემდგომი ეპოქა დასრულდა, დადგა ახალი ეპოქა. და ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ვიდექით კრიზისების წინაშე, გამოგვცადეს და ამ გამოცდებიდან, ჩემი აზრით, ჩვენ უფრო ძლიერები გამოვედით, ვიდრე აქამდე ვიყავით“, – განაცხადა ბაიდენმა.
ამერიკის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა გლობალურ ეკონომიკურ კონკურენციაზე, რომელშიც, ბაიდენის აზრით, მისი ადმინისტრაციის წყალობით, აშშ იმარჯვებს.
„თუ შევადარებთ ოთხი წლის წინანდელ პერიოდს, ამერიკა უფრო ძლიერია, ჩვენი ალიანსები უფრო ძლიერია, ჩვენი მტრები და კონკურენტები – უფრო სუსტები, და ჩვენ ამას მივაღწიეთ არა ომის გზით“, – განაცხადა ბაიდენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-მა გაზარდა თავისი ძალა ყველა განზომილებაში – დიპლომატიურ, სამხედრო, ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ სფეროებში.