ჯიქია ქართველს გამოექომა - რუსულ-ესპანური ჩხუბი ანანიძის გამო ატყდა
ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში მოსკოვის „სპარტაკისა“ და „ვილიარეალის“ მოთამაშეებს შორის კონფლიქტი მოხდა. მიზეზი კი ჯანო ანანიძე იყო.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მოედანს ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ მცირე ხნის წინ დაუბრუნდა და ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ჩაატარა. 90-ე წუთზე, ანანიძემ სწრაფი შეტევა წამოიწყო, როდესაც ესპანელთა ფეხბურთელმა, კოსტა ხაუმმა უკნიდან უხეშად მოცელა.
„ვილიარეალის“ ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს. თუმცა, მანამდე მოსკოველთა და რუსეთის ნაკრების მცველმა გიორგი ჯიქიამ მოწინააღმდეგის უხეშობა ვერ მოითმინა და კოსტა ხაუმეს ხელი მკვეთრად ჰკრა, რის გამოც ყვითელი ბარათი დაიმსახურა, მოედანზე კი კონფლიქტი მოხდა – თუმცა, უსიამოვნება მალევე ჩაწყნარდა, რადგან გაძევებული ესპანელი ანანიძესთან მივიდა და მოუბოდიშა.
მომხდარზე კომენტარი „სპარტაკის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ კონონოვმა გააკეთა და გიორგი ჯიქიას საქციელი არ მოუწონა.
„ანანიძეს უკნიდან სერიოზულად დაარტყეს და, შესაძლოა, ჯიქიამ ცუდზე იფიქრა, რადგან ჯანოსთან მეგობრობს. მე ასეთი ემოციების მომხრე არ ვარ. ჩემი აზრით, ჯიქიამ შეცდომა დაუშვა. მსაჯმა მას მხოლოდ ყვითელი ბარათი აჩვენა და ამაში ჩვენ გაგვიმართლა,“ – განაცხადა კონონოვმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 28 წლის შემტევი ნახევარმცველი „ვილიარეალის“ წინააღმდეგ მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა.