მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ჯეფ ბეზოსი კომპანია „ამაზონის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან კომპანიის თანამშრომლებისადმი მიწერილ წერილში განაცხადა. ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.
კომპანიის განცხადებით, ბეზოსი მიმდინარე წლის მესამე კვარტალში „ამაზონის“ დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი „ამაზონის“ ვებმომსახურების ხელმძღვანელი, ენდი ჯესი გახდება.
თანამშრომლებისადმი წერილში ჯეფ ბეზოსი აღნიშნავს, რომ მას უფრო მეტი დრო და ენერგია ექნება თავის სხვა პროექტებზე ფოკუსირებისთვის, როგორებიცაა „დედამიწის ფონდი“, კოსმოსური კომპანია „ბლუ ორიჯინი“ და „ვაშინგტონ პოსტი“.
2020 წლის თებერვალში ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ საბრძოლველად 10 მილიარდ დოლარს გამოყოფს და ქმნის ეკოლოგიურ ფონდს, სახელწოდებით „ბეზოსის დედამიწის ფონდი“.